მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაკეტილი გუმისთის და კოდორის ხიდები - რა ხდება აფხაზეთში?

გუმისთა

ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილი ვითარების გამო, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. როგორც აფხაზური მედია წერს, ე.წ. უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

აფხაზეთში ვითარება 11 ნოემბერს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" კანონი დაამტკიცა. ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. დე ფაქტო მთავრობის მომხრე მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, ნაშუადღევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სახალხო კრების შენობის ეზოში ხუთმა მოქალაქემ, პარლამენტის დეპუტატის მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინა. მანამდე, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საუბარი იყო დეპუტატ ალმას აკაბაზე.

გვიან ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [СГБ] თანამშრომლებმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ, მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. დაკავებულები არიან: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ხალხი შეიკრიბა სოხუმის თავისუფლების მოედანზე. ბოლო მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, გუმისთის ხიდი კვლავ გადაკეტილია, კოდორის ხიდი კი გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებელი ბესლან ბიგვავა მივიდნენ. მედიის ცნობით, ისინი ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების მტკიცებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები