მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავწყვიტეთ, თბილისი განვავითაროთ როგორც საერთაშორისო სააუქციონო ცენტრი" - საქართველოში ხელოვნების პირველი აუქციონი ჩატარდება

MOMA MUSEUM

27 აპრილს თბილისში, ჰესინკის თბილისის აუქციონის სახლში, თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონი ჩატარდება. ამის შესახებ ჰესინკის თბილისის აუქციონის სახლის წარმომადგენლებმა BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრეს და ყურადღება პროექტის მიზნებსა და მის მნიშვნელობაზე გაამხვილეს.

ჰესინკის თბილისის აუქციონის სახლის გენერალური დირექტორის ლაშა ნოდიას განცხადებით, პროექტის იდეა რამდენიმე წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ახლა უკვე რეალურ ფორმას იღებს. მისი თქმით, მთავარი მიზანი არის ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საქართველოს ბაზარს საერთაშორისო აუდიტორიასთან დააკავშირებს და თბილისს რეგიონულ ჰაბად აქცევს.

„ეს პროექტი, გეგმა და ოცნება იყო - რომ ერთ დღეს საქართველოში, თბილისიდან შესაძლებელი გამხდარიყო ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს გლობალურ ქსელსა და საერთაშორისო აუდიტორიას დაუკავშირებდა. სწორედ ამ ხედვის საფუძველზე, ჰესინკთან - ნიდერლანდების სააუქციონო სახლთან პარტნიორობით შეიქმნა ქართული კომპანია და პარტნიორული შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ რეგიონში თბილისი განვავითაროთ როგორც საერთაშორისო სააუქციონო ცენტრი. ეს არის გლობალური აუქციონისა და საერთაშორისო ინფრასტრუქტურის ნაწილი და პირველი აუქციონიც უკვე უახლოეს დღეებში გაიმართება“, - თქვა მან.

მისივე შეფასებით, აუქციონი არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნება სულ უფრო მეტად ხდება საინვესტიციო პორტფელის ნაწილი და ამ მიმართულებით საერთაშორისო ინტერესიც იზრდება. ნოდიას თქმით, სწორედ ამიტომ თბილისიდან აუქციონის ჩატარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად.

„თბილისი უნიკალური ქალაქია, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ის კულტურული და ეკონომიკური პროცესების თანხვედრა, რაც ამ ქალაქსა და ქვეყანაში ხდება, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ თბილისი შეიძლება რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ეკონომიკისთვისაც, ვინაიდან აქ ხდება ხელოვნებისა და ეკონომიკის თანხვედრა, შეხვედრა. თუ დავაკვირდებით როგორ ვითარდება თვითონ ხელოვნების ფასები ბოლო წლების განმავლობაში, ვნახავთ რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო პორტფელის ნაწილია და აქედან გამომდინარე მგონია, რომ საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად თბილისიდან აუქციონების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია“, - ამბობს გენერალური დირექტორი.

აუქციონის მმართველმა პარტნიორმა იაშარ აჯამიმ კი განმარტა, რომ ღონისძიება მოიცავს როგორც ფიზიკურ მონაწილეობას, ისე ონლაინ ჩართვას. მისი თქმით, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაესწრონ აუქციონს, წინასწარ დარეგისტრირდნენ და ლაივ რეჟიმში მონაწილეობდნენ ბიდინგში. პარალელურად, აუქციონი გადაიცემა ონლაინ პლატფორმებზე, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ადამიანებს მისცემს მონაწილეობის შესაძლებლობას.

„ჩვენი აუქციონები, როგორც წესი, ტარდება ლაივ და ონლაინ ფორმატში. იმპორტირებული აუქციონების შემთხვევაში ძირითადად ლაივ ფორმატს ვიყენებთ, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე თანამედროვე ხელოვნებას ეხება, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც აუქციონი ლაივ ფორმატში ჩატარდეს.

გვექნება ფიზიკური გაყიდვის სივრცე, სადაც ადამიანები ადგილზე მიიღებენ მონაწილეობას, დასხდებიან კონკრეტულ ადგილას, წინასწარ დარეგისტრირდებიან აუქციონამდე და თავად პროცესს დაესწრებიან, რათა ლაივ რეჟიმში შეძლონ ბიდინგში მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აუქციონი ასევე ლაივ რეჟიმში გადაიცემა ჩვენს ვებგვერდზე და ყველა ონლაინ პლატფორმაზე, როგორც უმეტესობა ლაივ აუქციონებისა ტარდება“, - აცხადებს მმართველი პარტნიორი.

აჯამის თქმით, აუქციონისთვის შერჩეულია ნამუშევრები ისე, რომ ის საინტერესო იყოს როგორც გამოცდილი კოლექციონერებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველად ინტერესდება ხელოვნების ბაზრით. შესაბამისად, წარმოდგენილია როგორც მაღალი ღირებულების ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები, ისე უფრო ხელმისაწვდომი ლოტები დამწყები კოლექციონერებისთვის.

მისივე ინფორმაციით, აუქციონზე უკვე წარმოდგენილია ოთხმოცდაათი ლოტი, რომლებიც საკმაოდ სწრაფად შეივსო და მოიცავს ცნობილი ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე დამწყები ავტორების ნამუშევრებსაც.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი გრძელვადიან ხედვაზეა დაფუძნებული და მიზნად არ ისახავს მხოლოდ ერთჯერად ღონისძიებას. იაშარ აჯამის თქმით, კომპანია გეგმავს საქართველოში დარჩენას და რეგიონული ჰაბის შექმნას საერთაშორისო სააუქციონო სექტორში, სადაც მომავალში სხვადასხვა მიმართულების აუქციონებიც დაემატება, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების, ღვინის, საკოლექციო ნივთებისა და სხვა ღირებული ობიექტების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები