ირანის ომის ეკონომიკური შედეგების გამო 32 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ამის შესახებ გაეროს ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია.
ორგანიზაციის შეფასებით, მათ მდგომარეობას ის ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისები დაამძიმებს, რომლებიც ომის დაწყებამ განაპირობა. გაეროში შიშობენ, რომ ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე გავლენას შენელებული ეკონომიკური ზრდაც იქონიებს. როგორც ირკვევა, კრიზისი ყველაზე მძიმე დარტყმას განვითარებად ქვეყნებს მიაყენებს.
კრიზისის შესამსუბუქებლად, ექსპერტები სახელმწიფოებს ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისთვის მიზნობრივი ფულადი ტრანსფერების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. მათი დათვლებით, ამ დახმარების საერთო ღირებულებაც $6 მილიარდი იქნება. მოხსენება მსოფლიო ბანკის იმ სტანდარტს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც სიღარიბის ზღვრად დღეში $8.30-იანი შემოსავალი მიიჩნევა. ექსპერტების სკეპტიკურ განწყობას აღრმავებს ისიც, რომ დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა გლობალური დახმარების ბიუჯეტი 2025 წელს $174.3 მილიარდით შეამცირეს.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ თეირანზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამ გადაწყვეტილებამ გლობალური ეკონომიკისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდება 20%-ით შეზღუდა, რამაც ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.




























