აღსანიშნავია, რომ ე.წ. სტამბოლის შეთანხმების ვადა 120 დღეს ითვალისწინებს, რომელიც 19 ნოემბერს გადის. გაეროს გენმდივანი აცხადებს, რომ მისი განახლება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ გამოწვევებს, თუმცა ვიცით, რომ მათი დაძლევა შეიძლება“, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
ე.წ. სტამბოლის შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში გაერომ, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. შეთანხმებით რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.
შეთანხმების შედეგად, ივლისიდან 9 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ბლოკავს.