გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოს მთავრობას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედია ორგანიზაციებთან. უცხოური დაფინანსების მიმღები NGO-ებისა და მედია ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყის მიკერება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", - აცხადებს ვოლკერ თურქი.
ის შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში გამართულ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ.
"შეშფოთებული ვარ ცნობებით, მიმდინარე კვირაში, დედაქალაქ თბილისში სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტებისა და მედიის მიმართ ძალის არასაჭირო და არაპროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით.
ათასობით ქართველი დღეებია აპროტესტებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას მათი გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა გარდაუვალი საფრთხის წინაშე", - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.
ამასთან, მან მოუწოდა ხელისუფლებას სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდებაზე საპროტესტო აქციების ან დაკავების დროს. მომიტინგეებს და აქციის ორგანიზატორებს კი მოუწოდა, რომ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ თავიანთი უფლებები და არ მიმართონ ძალადობას.