დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (MFA) და მასში შემავალი ევროპის სამეზობლო დეპარტამენტი (EUN), გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად, პროგრამას „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ იწყებს.
ორგანიზაციის ცნობით, 4-წლიანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელდება, მიზნად ისახავს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, სამივე ქვეყანას ხელი შეუწყოს კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და დემოკრატიის მდგრადობის გაძლიერებაში.
პროგრამა საქართველოში ინკლუზიური მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. ის ყურადღებას ამახვილებს ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და ამ მიზნით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამეწარმეო უნარების მხარდაჭერაზე. ამგვარი მიდგომა არა მარტო ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, არამედ ამცირებს შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობას. ასევე, ინიციატივა, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე, წარმოაჩენს ქალების უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტების პრევენციის, გადაჭრისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში.
ამ ამოცანების შესაბამისად, პროექტი საქართველოში მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ თემებში, ახალგაზრდა ქალების ჩართვას სამშვიდობო და უფლებადაცვით აქტივიზმში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ყველაზე მოწყვლადი, მათ შორის დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის. ამავდროულად, პროექტი ემსახურება მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რაც ქალთა დასაქმებითა და მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდით, პოზიტიურ შედეგებს მოუტანს ყველას.
„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად პირველ ინიციატივას იწყებს. ქალების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების, გაძლიერებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ინკლუზიური, მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებების შექმნაში. თანამედროვე რთულ და არასტაბილურ რეალობაში ჩვენი მიზანია, იმედი ჩავუსახოთ ქალებსა და გოგოებს, მათ ოჯახებსა და თემებს“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
„დანია მოხარულია, რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში იწყებს მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც თანხვედრაშია დანიის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიასთან „მსოფლიო, რომელსაც ვიზიარებთ“. საქართველოში მთავარი ფოკუსი კეთდება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე, ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგების მხარდაჭერაზე. პროექტი ხელს შეუწყობს ქალთა დასაქმებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებისა და მეწარმეობის მხარდაჭერით, ასევე, აუნაზღაურებელი შრომის დისბალანსის გამოწვევის დაძლევით. ის გაზრდის ახალგაზრდა ქალების ჩართულობას სამშვიდობო აქტივიზმში და უზრუნველყოფს დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკური უფლებების დაცვას. ჩვენ ვამაყობთ ინიციატივების მხარდაჭერით, რომლებსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია“, - განაცხადა საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ვალდებულებას გენდერული თანასწორობის მიღწევის, უთანასწორობის შემცირებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა თუ რეგიონში.