გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ სირიის მოქმედ პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას დაწესებული სანქციები მოუხსნა. საკანონმდებლო წინადადება აშშ-ის მხრიდან იყო ინიციირებული.
გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, სანქცირებულთა სიიდან სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანას ხატაბიც ამოიღეს. შეგახსენებთ, ორივე პოლიტიკური ფიგურა წლების წინ ალ-ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის სირიული ფრთის “ჯაბაჰ ალ-ნუსრას” ლიდერები იყვნენ.
სანქციების სიიდან ამოღებით ალ-შარაა და ხატაბი მოგზაურობის თავისუფლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მათ შეზღუდვები ფინანსურ აქტივებზეც მოეხსნებათ.
სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღებას მხარი უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 14-მა დაუჭირა. ჩინეთის დელეგაციამ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.
მიღებული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების სურვილს, ხელი შეუწყოს სირიაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების ნორმალიზაციას. სანქციების სიიდან ამოღება დაკავშირებულია პრეზიდენტ ტრამპისა და ალ-შარაას 10 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრასთან. შეგახსენებთ, სირიის ლიდერისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნა გუშინ სწორედ ტრამპმა გააჟღერა.




























