ერთი საათის წინ სანაპიროზე, იუსტიციის სახლში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი იუსტიციის სახლთან თბილისში პროევროპული აქციების ძალადობრივ დაშლას აპროტესტებდა და საჯარო სექტორში დასაქმებულებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა.
აქტივისტთა ნაწილი საპროტესტო შეძახილებით იუსტიციის სახლშიც შევიდნენ. მეგაფონიდან ისმოდა მოწოდება: "გაიფიცე ქვეყნის თავისუფლებისთვის! არა რუსულ რეჟიმს" - რასაც დაცვის სამსახურთან შელაპარაკებაც მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეებს იუსტიციის სახლი დაატოვებინეს, მომხმარებლებისთვის კი შენობის შესასვლელი დროებით გადაიკეტა.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე "რადიო თავისუფლება"-სთან აცხადებს, საპროტესტო აქციას არ ჰქონდა დაგეგმილი სახე და მხოლოდ საერთო ნაცნობების პროტესტის გამოხატულება იყო.
"ვარ რიგითი მოქალაქე, ამ წუთში არ აქვს მნიშვნელობა, მე სად ვმუშაობ, ვინ ვარ, რომელი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველი ვარ, ვისი მომხრე ვარ - საერთოდ დაკარგა ყველაფერმა აზრი, მე ვარ ის რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ სურს, ჩემს ქვეყანაში ასე სასტიკად არბევდნენ ხალხს თავისუფალი სიტყვის გაჟღერებისთვის, იყოს ისეთი უკანონობა, რომ ადამიანებს სოციალურ ქსელებშიც ეშინოდეთ აზრის გამოხატვა.
ეს არ არის დაგეგმილი აქცია, არ ვართ ძალიან ბევრნი, ეს არის ერთმანეთის ნაცნობობაში, გულის ტკივილის გაზიარებით შეკრებილი ხალხი, რომ ყველამ, მთელმა ქვეყანამ, ყველა ინსტიტუციამ იცოდეს, რომ ახლა თუ ხმას არ ამოიღებენ, თუ არ გაიფიცებიან, ყველასთან მივლენ.
პრაქტიკულად მერვე დღეა, ყოველ დილით, გამთენიის ვდგავარ [აქციაზე], ვემორჩილებით სამართალდამცველების მოწოდებას და ის ახალგაზრდები, ბავშვები ამგლიჯეს ზურგიდან, რომლებიც ემორჩილებოდნენ კანონს, იხევდნენ უკან. ამ ბავშვების გამო ვინ აგებს პასუხს? ამიტომ უნდა გაიფიცოს ყველა, ყველამ ამოიღოს ხმა, თორემ მართლა ყველასთან მივლენ", - ამბობს აქციის მონაწილე "რადიო თავისუფლებას" პირდაპირ ეთერში.
როგორც იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე დაგვიდასტურეს, ამჟამად იუსტიციის სახლში მუშაობა აღდგა და ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ფოტო: "რადიო თავისუფლება" - Facebook ეთერი