მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი? - გაზის სექტორში ₾265 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს

637bd1a157922
ალა ისპირიანი
21.11.22 23:55
1271
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. კომისიის ინფორმაციით, ჯამში, კომპანიების მიერ ამ პერიოდში 265 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება.

გადაცემა „საქმიან დილაში“ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ თქვა, რომ ეს არის აუცილებელი ინვესტიციები, რომელიც ქსელის ექსპლუატაციისთვისაა საჭირო.

კითხვაზე - აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი? ნარმანიას პასუხი იყო, რომ ახალი სამომხმარებლო ტარიფები დეკემბერში დადგინდება, მაგრამ, წინასწარი პროგნოზით ტარიფების ზრდა არ იგეგმება.

„რაც ჩვენ შევითანხმეთ უკვე არსებულ ქსელებს და მათ მოვლა პატრონობას, უფრო მეტად გამართვას და ექსპლუატაციას ეხება. შესაძლებელი იყო ინვესტიციები მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ინვესტიციები შემდეგ ტარიფში აისახება ამდენად კომისია ყოველთვის აუცილებელი ინვესტიციებს ითანხმებს, რომელიც ქსელის ნორმალური მოვლა - პატრონობისთვის და ექსპლუატაციისთვის არის საჭირო.

რაც შეეხება ტარიფის ცვლილებას, დადგენილი წესების მიხედვით კომისია პირველ ეტაპზე საინვესტიციო გეგმებს ითანხმებს, ხარჯების აუდიტს აკეთებს და ამის შემდეგ ადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფს. დეკემბერში გაზის სექტორში ახალი სამომხმარებლო ტარიფების დადგენა გვიწევს, მაგრამ წინასწარი პროგნოზი ტარიფის ზრდას არ ველოდებით“, - ამბობს დავით ნარმანია.


კომპანიების მიხედვით, დაგეგმილი ინვესტიციები ასე ნაწილდება:

ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35 535 479 მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს განაწილების ქსელის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას ავარიების მინიმუმამდე დაყვანისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით.

რეგიონებში გაზმომარაგების გაუმჯობესებისთვის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2023-2027 წლებში 111,860,279 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ - 113,308,497 ლარის ინვესტიციას, ხოლო შპს „თელავგაზი“, რომელიც ოპერირებს ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 3,723,052 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, განხორციელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტები.

შპს „ვარკეთილაირი“ 2023-2027 წლებში 1,039,261 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, კომპანია უზრუნველყოფს ექსპლოატაციის ვადაგასული მრიცხველების შეცვლას, ქსელის რეაბილიტაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში.

შპს „ენერგოკავშირის“ მიერ, რომელიც ოპერირებს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებასა და გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში, 2023-2027 წლებში განხორციელდება 521 000 ლარის არაქსელური ინვესტიცია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია განახორციელებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები