მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრებული კრიპტობირჟა CELSIUS-ის დამფუძნებელი თაღლითობას აღიარებს

მაშინსკი

გაკოტრებული კროპტობირჟა Celsius-ის დამფუძნებელმა, ალექს მაშინსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ის 7 ბრალდებიდან 2-ში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

როგორც მაშინსკი აღნიშნავს, ის დამნაშავეა ფინანსურ თაღლითობაში და ე.წ. პირამიდის ოპერირებაში, რაც კრიპტოაქტივის ფასის მანიპულირებას და ინვესტორების მოტყუებას მოიცავდა.

პროკურატურის მტკიცებით, მაშინსკიმ ხელოვნურად გაზარდა Celsius-ის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის ფასი და ინვესტორებს პირობა მისცა, რომ აქტივის ღირებულება რეალური ბიზნესით და იმ მოლოდინით იყო გამყარებული, რომ ფინანსურ პროდუქტს მარეგულირებლისგან მალე ექნება დასტური, რომელიც მას არასოდეს მიუღია. ბირჟაზე რეკორდულად გაზრდილი ფასის დროს, როგორც ირკვევა, მაშინსკიმ საკუთარი კრიპტოაქტივები გაყიდა და ამ მარტივი ოპერაციით 42 მილიონი დოლარი მიითვისა.

როგორც სასამართლო განმარტავს, ზემოხსენებული ქმედება ფინანსურ თაღლითობას წარმოადგენს და ის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უშუალოდ სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან გამოძიება ისევ გრძელდება და პროკურატურა ახალი ბრალდებების წაყენებას აპირებს, რაც, სავარაუდოდ, საქმეს უფრო მეტად დაამძიმებს. თავად აღიარებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მაშინსკიმ სასჯელის შემსუბუქების იმედით მიიღო, რადგან, როგორც ჩანს, მის ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ თაღლითი ბიზნესმენი პატიმრობას ვერ გადაურჩება და ერთადერთი ლოგიკური ქმედება სასჯელის ვადის შემცირებაა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Celsius-ი ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა, ის სესხებსა და დეპოზიტებს კრიპტოვალუტებში გასცემდა, სანაცვლოდ კი საკომისიოს იღებდა. 2022 წელს კომპანია გაკოტრდა, მისი დაფუძნებული კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

აშშ-ის პროკურატურა მიიჩნევს, რომ Celsius-ი რეალურად თაღლითური ორგანიზაცია იყო, ერთგვარი ფინანსური პირამიდა, რომლის დამფუძნებლებმაც და ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რომ პირამიდა ჩამოიშლებოდა, ათასობით მომხმარებელი კი დაზარალდებოდა. Celsius-ის გაკოტრებამ კლიენტები და კრედიტორები თითქმის 5 მილიარდი დოლარით აზარალა.

საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სასამართლომ ერთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და Celsius-ს კრედიტორებისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის აქტივების უკან დაბრუნება დაავალა. ამ შემთხვევაში, საუბარია იმ ვალდებულებების მომსახურებაზე, რომელიც კრიპტობირჟას გაკოტრებამდე ჰქონდა აღებული. თუკი Celsius-ის ხელმძღვანელობა ამას შეძლებს, მაშინ კომპანია რესტრუქტურიზაციის და საქმიანობის აღდგენის უფლება მიიღებს. სავარაუდოდ, კომპანიის პროფილი შეიცვლება და ის კრიპტო მაინინგის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას, ნაცვლად ტრედინგისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები