ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი "რუსულ კანონს" უარყოფითად აფასებს. როგორც ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენელი bmg-სთან აღნიშნავს, კანონი დონორების მუშაობას ხელს შეუშლის.
"კანონს მათ [გალელების] კეთილდღეობაზე პირდაპირი გავლენა ექნება. პრობლემები, რომელთა წინაშე ისინი დგანან, ამ პრობლემების აღმოჩენა, შეგროვება, გაანალიზება და მთავრობასთან ადვოკატირება, უმეტესად არასამთავრობო სექტორის მიერ ხდებოდა. არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი ის სუბიექტებია, რომლებიც იქ მცხოვრებ ადამიანებს მიზნობრივ დახმარებას უწევდა", - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.
ეკატერინე გამახარიას თქმით, ოკუპირებულ გალის რაიონსა და მთლიანად აფხაზეთში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის დონორები უამრავ ფულს დებენ. როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთში დღეს ყველაფერი ევროპული და ამერიკული ფულით კეთდება.
"სწორედ, დასავლური დონორების დახმარებით ძლიერდება იქ მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა. მიეწოდებათ სხვადასხვა ტიპის გრანტი, თუნდაც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად - ეს ყველაფერი დასავლური გრანტებით ხდება. სპეციალური პროექტების არის, როგორებიცაა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა. თუკი დღეს რამე მათთვის კეთდება, ყველაფერი ევროპული და ამერიკული დონორების დახმარებაა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შეწყვეტა აბსოლუტური რისკია მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დემონური კანონი მიიღო. პროგრამების შეჩერების შემთხვევაში, გალის მოწყვლადი მოსახლეობა უფრო მოწყვლადი გახდება", - აღნიშნა ეკატერინე გამახარიამ.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროექტებს. ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს, ძირითადად, ჯანდაცვის კუთხით ეხმარება. როგორც ის ამბობს, სხვადასხვა ეკონომიკური პროექტიც კეთდება, თუმცა დონორების ფულით.
"საქართველოს მთავრობა შესაძლებლობიდან გამომდინარე რაღაცებს აკეთებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიაზე ხელი არ მიუწვდება, მისი გასაქანი მწირია. უფრო სამეციდინო კუთხით მეტი კეთდება, არის პროექტები, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ემსახურება, მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ესენი ჩვენი მთავრობის ეგიდით კეთდება, ყველაფერი დასავლური: ამერიკული და ევროპული გრანტების დახმარებით კეთდება", - განაცხადა მან.