“გალფის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ტრანსპორტირების მაღალი ხარჯი და ლოგისტიკის გამოწვევებია”, - ამის შესახებ „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ (BCAGC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
დავით ცირდავას თქმით, მიუხედავად, იმისა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება შედგა, რაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმსაც მოიცავს, სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისება ამ ეტაპზე ვერ ხდება.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე რომ ვისაუბროთ, შეთანხმებით განისაზღვრა პროდუქცია, რომელიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, თუმცა ეს არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად, გამოწვევაა ლოგისტიკა. ტრანსპორტირების მთავარ წყაროდ ისევ რჩება ავიაცია - ტვირთის საჰაერო გზით მიწოდება. ეს რა თქმა უნდა აძვირებს ლოგისტიკას. კონკურენციის მხრივ, ჩვენი პროდუქციის გარკვეული ნაწილი არის კონკურენტუნარიანი, თუმცა უფრო მეტი პოტენციალია“- ამბობს დავით ცირდავა.
მისი თქმით, ბიზნესპალატა ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს კვლევაც, რომელიც გალფის ქვეყნებში ექსპორტის გამოწვევებს შეისწავლის. დაგეგმილია შეხვედრები სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომ რათა პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მონაცემებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) საქართველოს TOP- იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. 2023 წელს საქართველომ UAE-დან 383 მილიონ 429 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. წლიურად ეს მაჩვენებელი 35.4%-ით გაიზარდა. შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების წილმა მთლიან იმპორტში 2.5% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში იმპორტის მზარდი დინამიკა ჰქონდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უჭირავს, თუმცა წლიურად ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს ამ მიმართულებით ქვეყნიდან მხოლოდ 53.768 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2022 წლის ექსპორტს 72.7%-ით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ამ მიმართულებით გასულ წელს გატანილი 370 ცალი ავტომობილის ღირებულებამ 17 მილიონ 609 ათასი დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $17.6 მლნ;
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $4.5 მლნ;
- მოწყობილობები თამბაქოს დასამზადებლად - $3 მლნ;
- ტავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $2.8 მლნ;
- ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $2.8 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $1.9 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $1.5 მლნ;
- ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $1 მლნ;
- ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული - $984 ათასი;