მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში კომპანიები თავიანთ ლოგისტიკას თვითონ ახორციელებენ, რაც ძალიან არაეფექტიანია” - ქეთი ბოჭორიშვილი

ქეთი ბოჭორიშვილი

“საქართველოში არსებული კომპანიები თავიანთ ლოგისტიკას თვითონ ახორციელებენ, რაც ძალიან არაეფექტიანია” - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა “ანალიტიკაში” სტუმრობისას ისაუბრა.

“დღეს საქართველოში არსებული კომპანიები თვითონ აწყობენ დისტრიბუციის ქსელებს, შემდეგ ყველას აქვს თავისი დიდი თუ პატარა სასაწყობე მეურნეობები, რაც საბოლოო ჯამში წარმოების კუთხით არაეფექტურობას იწვევს და ეს კონკურენციაზე და პროდუქტის ფასზე აისახება, საქართველო ჯერ ლოგისტიკური კომპანიებისთვის აღმოჩენილი არ არის და მათი დაინტერესება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, ამ მიმართულებით ქართველი და საერთაშორისო კომპანიების დაკავშირება უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია”, - განმარტა  მან.

მისივე თქმით, საქართველოს ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების დარგში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჯერ ვერ იყენებს.

“ჩვენთვის ლოგისტიკა და ტრანსპორტირება უმნიშვნელოვანესი დარგია. ჩვენს პოტენციალს ვერ ვითვისებთ,  საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მეზობელ ქვეყნებთან ერთად გახდეს  ერთ-ერთი დიდი მოთამაშე”, - თქვა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით საერთაშორისო კომპანიებთან,  ღრმაწყლოვანი პორტი იყო ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი, მათთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო იმ დღეების რაოდენობა, როდესაც პორტი იხურებოდა და ვერ უწევდა სერვისს ტვირთებს, ხანდახან ტვირთი კვირაობითაც იყო გაჩერებული, რაც ნებისმიერი მიმწოდებლისთვის საშინელებაა. თუ გვინდა, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ, მთავარია გავხდეთ სატრანზიტო დერეფანი, რათა ნახონ საერთაშორისო კომპანიებმა, რამდენად მარტივად ტარდება ტვირთი” , - დასძინა მან.

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია 2023–2030: ხედვები, მიზნები, ამოცანები, რისკები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები