მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart: სექტემბერში, წლიურად, უძრავი ქონების გაყიდვები 14%-ით გაიზარდა

5f9e730e7562b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 12:45
807
საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის კვარტალური მიმოხილვის მიხედვით, ივლისსა (-14.9% წ/წ) და აგვისტოში (-16.3% წ/წ) ბინების გაყიდვების შემცირების შემდეგ სექტემბერში გაყიდვები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, გაყიდვების ზრდაზე ეკონომიკის აღდგენამ და ახალ ბინებზე იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამამ იმოქმედა, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისში შევიდა და სექტემბერში დაჩქარდა.

საკონსულტაციო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი ბინების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახალი ბინების გაყიდვების ზრდა იყო. ივლის-აგვისტოში წლიური 26.6%-იანი კლების შემდეგ, ახალი ბინების გაყიდვები სექტემბერში წლიურად 10.8%-ით გაიზარდა.

„2020 წლის მე-3 კვარტალში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, რადგან იპოთეკური სესხების სუბსიდია ძირითადად ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში გაყიდვებს უწყობს ხელს. 2020 წლის მე-3 კვარტალში გაყიდვების მიხედვით, 4 გარეუბნის - გლდანის, სამგორის, ისნის, დიდი დიღმის წილი ჯამური გაყიდვების 56.1%-ს შეადგენდა (2019 წლის მე-3 კვარტალი - 52.0%).

ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების სუბსიდია კვლავ შეუწყობს ხელს გაყიდვებს გარეუბნებში 2020 წლის მე-4 კვარტალში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის ფუნდამეტური ფაქტორების აღდგენა გრძელდება, თუმცა Covid-19-ის მზარდმა შემთხვევებმა, შესაძლოა, აღდგენის ტემპი შეაფერხოს.

„2020 წლის ივნისის შემდეგ ეკონომიკის თანდათანობითი გამოცოცხლება შეინიშნება, რასაც ფისკალური პოლიტიკა, საბანკო სესხები და გზავნილების მაღალი ზრდა განაპირობებს, თუმცა Covid-19-ის მზარდი შემთხვევები აღდგენის დინამიკას წნეხის ქვეშ აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების ალბათობა დაბალია.

წლიური ინფლაცია თანდათანობით შემცირდა წლის დასაწყისიდან და 2020 წლის სექტემბერში 3.8% შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს სამჯერ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0%-მდე, თუმცა განაკვეთის შემდგომი შემცირება შეაფერხა სექტემბერში ლარის გაუფასურებამ, ეს უკანასკნელი კი, უძრავი ქონების ბაზრისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

მომხმარებლის გაუმჯობესებული განწყობები სექტემბერში ლარის გაუფასურების გამო მცირედით გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის განწყობების ინდექსი მკვეთრად  - 14.9 პუნქტით გაუმჯობესდა 2020 წლის სექტემბერში ა პრილთან შედარებით, ის მცირედით შემცირდა აგვისტოსთან შედარებით“, - აღნიშნული Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის კვარტალურ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები