მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალტ & თაგარტი ელექტროენერგიის და წყლის ტარიფების ცვლილებას აფასებს

ელენერგია
15.01.24 16:49
231

გალტ & თაგარტი ელექტროენერგიის და წყლის ტარიფების ცვლილებას აფასებს

საქართველოში ელექტროენერგიის და წყლის ტარიფს აწესებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). ტარიფების დადგენა ძირითადად ხდება 2 ან 3-წლიანი პერიოდისთვის.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი შეამცირა, ხოლო წყლის ტარიფი გაზარდა, კერძოდ:

  • ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. ეს ტარიფი ძალაში 2 წელი იქნება - 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის შედეგად მოსახლეობას ტარიფი საშუალოდ 14.0%-ით, ხოლო ბიზნესს 10.0%-ით შეუმცირდა. ჩვენი შეფასებით, ტარიფის შემცირების ძირითადი მიზეზი იყო ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიერ წინა 3 წლის განმავლობაში ნორმირებულზე მაღალი მოგების დაკორექტირება. აღსანიშნავია, რომ ეს ტარიფი ვრცელდება ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 60%-ზე (მოსახლეობაზე სრულად და ბიზნესების ნაწილზე), ხოლო დანარჩენი მომხმარებლები (ძირითადად მსხვილი ბიზნესი) ელექტროენერგიას საბითუმო ბაზარზე ყიდულობენ, რომლის ტარიფიც არ არის რეგულირებული სემეკის მიერ.

ცხრილი 1: ელექტროენერგიის ტარიფები 2024-25 წლებში, თეთრი/კვტ.სთ-ზე

მოსახლეობა - თვიური მოხმარება/ძაბვა

თელმიკო

ეპ ჯორჯია მიწოდება

<100 კვტ.სთ

15.0

14.7

101-300 კვტ.სთ

19.1

18.7

>300კვტ.სთ

23.5

23.2

ბიზნესი - თვიური მოხმარება/ძაბვა

თელმიკო

ეპ ჯორჯია მიწოდება

220 ვ

29.9

29.0

6-10 კვ

26.6

27.9

35-110 კვ

24.4

25.3

წყარო: სემეკი, მაცნე, გალტ & თაგარტი
შენიშვნა: ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით

  • წყალმომარაგების ტარიფი ბიზნესისთვის გაიზარდა თბილისში, მცხეთაში, ბათუმში, რუსთავსა და საგარეჯოში 3 წლით - 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე (ტარიფები განსხვავებულია ქალაქების მიხედვით, იხილეთ ცხრილი 2).

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ტარიფის ზრდის საჭიროება გამოიწვია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) გაზრდილმა და საკმაოდ ინტენსიურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც 363.9 მლნ ლარია 2024-26 წლებში და შეთანხმებულია სემეკთან. საგარეჯოსა და ბათუმის შემთხვევაშიც ტარიფის ზრდა გაზრდილ საინვესტიციო აქტივობას უკავშირდება, სადაც ოპერირებენ შპს საგარეჯო და შპს ბათუმის წყალი.

ქალაქი

ოპერატორი

2024-26 წლებში

2023 წელს

ზრდა, %

თბილისი/მცხეთა

GWP

8.81

6.50

35.5%

რუსთავი

GWP

6.50

3.70

75.7%

საგარეჯო

შპს საგარეჯო

1.61

0.99

61.8%

ბათუმი

შპს ბათუმის წყალი

5.87

5.77

1.8%

ტარიფის ცვლილების მეთოდოლოგია

ზოგადად სემეკის მიერ ელექტროენერგიის და წყლის ტარიფის დადგენა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  • დადგენილი ტარიფებით მიმწოდებელ კომპანიებს უნდა შეეძლოთ დაგეგმილი და განხორციელებული ხარჯების დაფარვა;
  • ქსელურმა კომპანიებმა უნდა შეძლონ ნორმირებული უკუგების მიღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებზე;
  • თუ რომელიმე სატარიფო პერიოდში კომპანიებმა მიიღეს ზედმეტი/ნაკლები შემოსავალი, მომდევნო სატარიფო პერიოდში უნდა მოხდეს ამ ზედმეტი შემოსავლის/ზარალის კომპენსაცია დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ტარიფების დადგენისას სემეკი აპროგნოზებს ელექტროენერგიის მოთხოვნას, მიწოდებას და კომპანიების საინვესტიციო გეგმებს. ამ კომპონენტებზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა კლიმატური პირობები (კარგი ჰიდროლოგიის პირობებში გენერაციის ხარჯი დაბალია), სადგურების სარეაბილიტაციო გეგმა (მაგალითად ენგურჰესის რეაბილიტაციის დროს გაიზარდა იმპორტი და შესაბამისად ხარჯიც), ენგურჰესის გენერაციის მოცულობა (რადგან ეს ჰესი ელექტროენერგიის ყველაზე იაფი რესურსია და ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის 25-35%-ს აკმაყოფილებს), ლარის გაცვლითი კურსი (მოქმედებს იმპორტირებული ენერგიის ფასზე და სახელმწიფო ხარჯებზე ინვესტორის წახალისების მექანიზმების ფარგლებში - PPA) და ა.შ.

ჩვენი შეფასებით, კომუნალური ტარიფების ზემოაღნიშნულ ცვლილებას ფასების საერთო დონეზე (ინფლაციაზე) გავლენა არ ექნება, რადგან ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება და წყლის ტარიფის ზრდა ერთმანეთს დააბალანსებს. კერძოდ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ეს ცვლილება შეამცირებს ინფლაციის საერთო დონეს (წონის გათვალისწინებით -0.2 პროცენტული პუნქტით). თუმცა, მეორე მხრივ ბიზნესისთვის წყლის ხარჯის ზრდა არაპირდაპირი გზით თითქმის იგივე ზომის გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონეზე ზრდის მიმართულებით.

ასევე ვფიქრობთ, რომ წყლის ტარიფის გაზრდამ შესაძლოა გააძლიეროს წყლის რესურსის ალტერნატიული გზებით (მაგალითად ჭაბურღილები) მიღების მოტივაცია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ჭარბად იყენებენ წყლის რესურსს (მაგალითად სამრეცხაოები). ჩვენი აღნიშნული მოლოდინი ეფუძნება წინა წლების ტენდენციებს ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წელს კომერციული ობიექტებისთვის საშუალოდ 70%-ით გაზრდილმა ელექტროენერგიის ტარიფმა ბიზნესის მხრიდან გაზარდა ინტერესი გენერაციის საკუთარი ობიექტების ფლობის ან გენერაციის ობიექტებთან გრძელვადიანი ხელშეკრულების (ე.წ. კორპორაციული PPA-ების) მიმართ. შედეგად, 2021-23 წლებში გააქტიურდა კომერციული სიმძლავრის ელექტროსაგურების მიმართ ინტერესი და დაყენდა 1,000-მდე მიკრო სიმძლავრის (500 კვტ-მდე) ელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 50 მგვტ.

სემეკის მიერ ელექტორენერგიის ტარიფის შემცირება არ ეხება საბითუმო ფასებს და შესაბამისად ენერგეტიკის საინვესტიციო მიმზიდველობას არ შეცვლის. საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ საცალო ბაზარზე ფასის ცვლილება არ გამოიწვევს ელექტროსადგურების გასაყიდი ფასის (საბითუმო ბაზრის ფასი) ცვლილებას. საბითუმო ფასი ძირითადად დამოკიდებულია ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) გასაყიდ ფასზე, რომელიც ფორმირდება იმპორტით, სახელმწიფოს წახალისების მექანიზმებით შესყიდული ელექტროენერგიით (PPA) და საბალანსო ენერგიით. შესაბამისად, სემეკის მიერ საცალო ფასის 3 თეთრით შემცირებას საბითუმო ბაზარზე გავლენა არ აქვს და საბითუმო ელექტროენერგიის ფასის მიმართ მოლოდინები არ იცვლება. ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 2024-25 წლებში 15-18 თეთრის (5.5-6.0 ცენტი) ფარგლებში შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები