Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში კვლავ დადებითი სავაჭრო ბალანსი ნარჩუნდება.
„ექსპორტის მოცულობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებამ, ხოლო იმპორტის საჭიროების კლებამ, მიმდინარე წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი გაზარდა, რამაც 0.3 ტვტ.სთ შეადგინა. თუმცა ღირებულებაში სავაჭრო ბალანსი გაუარესდა, რადგან იმპორტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო საექსპორტო ფასი შემცირდა“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ 0.8 ტვტ.სთ შეადგინა (+0.1% წ/წ). წლიურ ჭრილში ზრდა მიზერულია, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა მაღალი რჩება - 2021 წლიდან გაორმაგებულია, 2022-თან შედარებით კი 21%-ით გაზრდილი.
„მოცულობის ზრდის მიუხედავად, წლიურად 31.5%-ით შემცირდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში შემცირებული ფასით აიხსნება. 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის 83.8% (634.6 გვტ.სთ) თურქეთში გავიდა, 11.9% (89.8 გვტ.სთ) სომხეთში, ხოლო დარჩენილი 4.2% (32 გვტ.სთ) აზერბაიჯანში. ექსპორტის საშუალო ფასი 4.8 აშშ ცენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.5%-იანი კლებაა“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
ამასთან, იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 23.9%-ით შემცირდა. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მოთხოვნის 5.9%-ია.
„იმპორტირებულ ელექტროენერგიაში უმეტესობა, 91.4% რუსეთიდან მოდიოდა, დანარჩენი 8.6% კი - აზერბაიჯანიდან. აღსანიშნავია, რომ საშუალო საიმპორტო ფასმა 0.7 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (0.1 აშშ ცენტი) ბევრად მეტია. ზრდა გასული წლის დაბალი ბაზის შედეგია, როცა იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან აფხაზეთის რეგიონის მოხმარების მიზნით ხორციელდებოდა, აფხაზეთი კი ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია წელსაც სრულად აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი“, - აღნიშნავენ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის ავტორები.