მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart - საქართველოში სამომხმარებლო კალათის წონები განახლდა

სამომხმარებლო კალათა
08.02.24 13:13
1256

2024 წლის დასაწყისში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები განაახლა, რომლის საფუძველზე ინფლაციის გაანგარიშება ხდება. განახლებას საქსტატი ყოველწლიურად აწარმოებს, რადგან მოსახლეობის დანახარჯების სტრუქტურა ცვალებადია.

ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ 2024 წელს წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირებულია სურსათის (-0.42პპ), კომუნალური მომსახურების

(-0.28პპ), ტრანსპორტის (-0.25პპ) და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს (-0.17პპ) კატეგორიების წონები. ამასთან, გაიზარდა საოჯახო მოვლა-პატრონობის (+0.30პპ), დასვენების, გართობის (+0.23პპ), სასტუმროებისა & რესტორნების (+0.22პპ) და განათლების (+0.20პპ) კატეგორიების წონები.

2024 წლის განახლებულ წონებზე დაყრდნობით საქართველოში ტიპიური მომხმარებლის ხარჯებიდან ყველაზე დიდი ნაწილი 30.4% სურსათზე მიიმართება, რომელსაც ტრანსპორტის (12.1%) და ჯანმრთელობის დაცვის (9.4%) კატეგორიები მოჰყვება.

ცხრილი 1. სამომხმარებლო კალათის წონები საქართველოში, %

თუ სამომხმარებლო კალათის წონებს ევროზონის მაჩვენებლებს შევადარებთ, თითქმის ყველა კატეგორიაში შესამჩნევი განსხვავებაა. მაგალითად, ევროზონაში სურსათის, ჯანდაცვისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს კატეგორიებს თითქმის ორჯერ ნაკლები წონები აქვთ, ვიდრე საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მომხმარებლის მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების მაღალი წონა საქართველოში, რომელიც 4-5-ჯერ აღემატება ევროზონის ანალოგიურ მაჩვენებელს. საპირისპიროდ, ევროზონაში გაცილებით მაღალია კომუნალურების, სასტუმროებისა & რესტორნების, დასვენება & გართობის და ტრანსპორტის კატეგორიების წონები (იხილეთ დიაგრამა).

ზოგადად, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ოჯახები უფრო მეტ დროს გართობას და დასვენებას უთმობენ და რესტორნებში კვებას ამჯობინებენ. შესაბამისად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში გაცილებით მაღალია გართობა & დასვენებისა და სასტუმრო & რესტორნების კატეგორიების წონები, რომელიც 3-4-ჯერ აღემატება დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებს. განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში კი სურსათს აქვს მაღალი წონა.

დიაგრამა 1: სამომხმარებლო კალათის წონები: საქართველო vs. ევროზონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები