Galt&Taggart-ის პროგნოზით, ეროვნული ბანკი სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე დატოვებს. როგორც საინვესტიციო ბანკის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი "საქმიან დილაში" აცხადებს, არსებობს საჭიროება, რომ მონეტარული პოლიტიკა სებ-მა წლის ბოლომდე უცვლელად შეინარჩუნოს.
"ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. მეორე მხრივ, ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტემპი გრძელდება, საგარეო ბაზრებზე კი სხვადასხვა პროდუქტის ფასი მერყევია, რაზეც საქართველოა დამოკიდებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არის საჭიროება, განაკვეთი 8%-ის ფარგლებში დარჩეს, თუმცა არაფერია გამორიცხული, შესაძლოა სებ-მა განსხვავებულად შეაფასოს ვითარება", - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი სხდომას ხვალ, 11 სექტემბერს გამართავს.
ევა ბოჭორიშვილმა BMG-სთან ინფლაციის დონის პროგნოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ბანკმა საშუალო ინფლაციის პროგნოზი შეამცირა, თუმცა გარკვეული რისკები ამ მიმართულებით კვლავ არსებობს.
"ვფიქრობთ, რომ ინფლაციის ტემპის 1%-მდე შენელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტაბილურმა ლარის კურსმა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებიც შემცირებულია, რასაც ასევე გავლენა აქვს ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე.
შესაბამისად, ინფლაციის საშუალო წლიური დონის პროგნოზი 2.5%-დან 2%-მდე შევამცირეთ, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ, რომ გარკვეული რისკები მაინც არსებობს", - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.
Galt&Taggart-ის საქართველოს ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში საუბარია, რომ 2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1%-მდე შენელდა. ანაგრიშის თანახმად, ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის 1.1%-მდე შენელებამ და შერეული საქონლის ფასების 1.1%-იანმა კლებამ. ამასთან, აგვისტოში შენელებული იყო იმპორტირებული ინფლაცია 3.0%-მდე.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის,
ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, აგვისტოში ასევე შემცირდა და 0.9% შეადგინა წინა თვეში არსებული 1.1%-იანი დონიდან.