მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart-ის ეკონომისტი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წლის ბოლოდან ელოდება

624c1970f31da
სალომე ჭიპაშვილი
05.04.22 23:20
792
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის მიზანი ინფლაციური მოლოდინების მოთოკვაა.“ - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში 0,5 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაიზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ეს გარკვეულწილად დაეხმარება ინფლაციას და ასევე დაეხმარება გაცვლით კურსს. როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, ეს გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და ასევე დეპოზიტებს, რაც ლარში დაზოგვას უფრო მიმზიდველს გახდის.“ - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

მისივე თქმით, არამარტო საქართველომ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, არამედ მთელმა რეგიონმა.

„იმდენად გაურკვეველი ვითარებაა, თუ სცენარი ცუდი მიმართულებით წავიდა, შესაძლოა ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწიოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა 0,5 – 1 პროცენტული პუნქტის ფარგლებში. თუმცა ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს მაინც ექნება საშუალება წლის ბოლოდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს, რადგან ინფლაციის კლებაა მოსალოდნელი.“ - განაცხადა ეკონომისტმა.

Galt&Taggart-ის პროგნოზით, მეორე კვარტალში საშუალო წლიური ინფლაცია 9,2 პროცენტი იქნება, პირველ კვარტალში 13,2 პროცენტი იყო, მესამე კვარტალში 5,9 პროცენტია ნავარაუდევი, ხოლო მეოთხე კვარტალში 4,4.

„თუ ეს გაურკვევლობა იქნება დასტაბილურებული და პოზიტიური გარემო იქნება შექმნილი, 2023 წელს სავარაუდოდ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.“ - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები