მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამანაწილებელ ქსელთან მცირე ჰესების მიერთების საფასური განისაზღვრა - წესები

63ef3e003101e
მარიამ ვარადაშვილი
17.02.23 13:25
870
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა.

წესი გავრცელდება იმ ჰესებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელს.

სემეკში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია ინვესტორების მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომას უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევთ წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.

სემეკის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში [არაუმეტეს 18 თვე] უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად.

სემეკის მიერ მიღებული წესის თანახმად, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთების მსურველმა განაცხადით უნდა მიმართონ სისტემის ოპერატორს, რომელმაც თავის მხრივ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება უნდა მოამზადოს.

გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ორ ეტაპად ხორციელდება:

პირველი ეტაპი მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებლის მხრიდან სისტემის ოპერატორისთვის განაცხადის წარდგენას, ხოლო მეორე ეტაპი მხარეების მიერ მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას გულისხმობს. ამას გარდა, სისტემის ოპერატორი განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინარე კვლევას.

რაც შეეხება საფასურს, სემეკის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია რომ ქსელთან მიერთების ფასი 2 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის 60 ათას ლარს შეადგენს [დღგ-ის ჩათვლით]. 2 მგვტ-დან - 15 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის საფასური კი 300 ათას ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს. აღსანიშნავია,  15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის მსგავსი წესი პირველად განისაზღვრა.