“გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ კობახიძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს.
„ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა“ - დასძინა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, მისი თქმით, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აახლოებს.
ამასთან, დარჩიაშვილის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველ ხალხის წინაშე.“
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში“.
მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.




























