მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოძიება დასრულდა - სემ ალტმენი OpenAI-ის საბჭოს ახალ წევრებთან ერთად უბრუნდება

openai

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმენი ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სამ ახალ წევრთან ერთად უბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანია ავრცელებს.

საგამოძიებო კომპანია WilmerHale-მა გასული წლის ნოემბერში ალტმენის საბჭოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაასრულა, კომპანიამ კი ახალი წესები შეიმუშავა და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკაც გააძლიერა. არსებულმა საბჭომ ალტმენის დაბრუნებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

OpenAI-ის ინფორმაციით, ალტმენთან ერთად, საბჭოს სამი ახალი დირექტორი: სიუ დესმონდ-ჰელმანი, ნიკოლ სელიგმენი და ფიჯი სიმო - შეუერთდებიან. სემ ალტმენი მათ გაწევრიანებას X-ის საშუალებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “წინ მნიშვნელოვანი სამუშაოები ელით”.

WilmerHale-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ წელს კომპანიიდან ალტმენის გათავისუფლება არ იყო გამოწვეული OpenAI-ის ფინანსებთან, პროდუქტის უსაფრთხოებასთან თუ სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებით. კომპანიის განცხადებით, პრობლემა საბჭოს ყოფილ წევრებსა და ალტმენს შორის “ნდობის დაკარგვა” აღმოჩნდა.

“WilmerHale-მა აღმოაჩინა, რომ იმდროინდელი საბჭოს წევრებს აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორის სჯეროდათ, მათი მიზანი კი კომპანიის მენეჯმენტში არსებული გამოწვევების გადალახვა იყო, თუმცა ვერ გათვალეს, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა”, - ვკითხულობთ OpenAi-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, სემ ალტმენი კომპანიიდან გათავისუფლების შემდეგ CEO-ს პოზიციაზე რამდენიმე დღეში დააბრუნეს, თუმცა კომპანიამ საბჭოს რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ოლტმენი არ მოიაზრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები