მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას “საშუალოდ” აფასებს - NDI

IRI

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას “საშუალოდ” აფასებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისის და პატარა ქალაქის მცხოვრებლები, ქალები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტლები აფასებენ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ ამჟამად ეკონომიკის მდგომარეობა არის კარგი; 49% საშუალოდ აფასებს, 42% - ცუდად, ხოლო 2% აცხადებს, რომ პასუხი არ იცის.
ამავე კვლევის თანახმად, მოქალაქეებისთვის უმუშევრობა, დაბალ ხელფასებთან და ინფლაციასთან ერთად მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა. სხვა ჯგუფებთან შედარებით, უმუშევრობა ყველაზე ნაკლებად პრობლემური თბილისის მცხოვრებლებისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებითვისაა; თუმცა, თბილისის მოსახლეობა და ქალები სხვებთან შედარებით უფრო მეტად ღელავენ დაბალ ხელფასებზე.

უფრო დეტალურად, კითხვაზე, სად არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, პასუხები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა - 58%; დაბალი ხელფასები - 48%; ფასების ზრდა/ ინფლაცია - 43%; სიღარიბე - 23%; მაღალი გადასახადები - 21%; ლარის გაიფასურება - 20%; მაღალი ხელფასები საწვავზე - 18%; კრედიტებზე/სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა - 11%; კორუფცია/ნეპოტიზმი - 5% და ა.შ.

კვლევის შედეგების თანახმად, ბოლო ორი წლის მანძილზე, დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.

NDI-ის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს – მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

გამოკითხვა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ ინტერვიუს სახით 2,068 მოქალაქე გამოიკითხა.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%