მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI და IRI კანონის პირობებში საქართველოში ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ - სენატორი შაჰინი

ჯინ შაჰინი

"ქართველი ხალხის" აქტის თანაავტორმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა Hudson Institute-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები და "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ ყველა იმ პირს, ვინც კანონის მიღების პროცესში იყო ჩართული. ჯინ შაჰინმა ისიც აღნიშნა, რომ კანონის მოქმედების პირობებში არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის NDI და IRI ქვეყანაში ოპერირებას ვეღარ შეძლებენ.

"საქართველოს მოსახლეობა დასავლეთით იყურება და სურთ, რომ ევროკავშირისა და NATO-ს წევრები გახდნენ. ამის მიუხედავად, ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც უფრო და უფრო მეტად ბრუნდება ავტოკრატიისკენ და რუსეთთან თანამშრომლობისკენ, რაც ჩემთვის რთული გასაგებია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს მათი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ჩვენი ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა საგარეო საქმეთა კომიტეტსა და საგარეო პოლიტიკის ფინანსურ კომიტეტს უკვე გადაცემული აქვთ - დავაწესებთ სანქციებს იმ პირებზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან უცხოელი აგენტების კანონთან, რომელიც, რეალურად, რუსეთის მიერ მიღებული კანონის მსგავსია. ვესაუბრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, მათ შორის ჩვენსავე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI), რომლებმაც ძალიან კარგი საქმეები გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ კანონის პირობებში, საქართველოში ოპერირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი სანქციების ქვეშ მოაქცევს იმ ადამიანებს, ვინც კანონის მიღებაში იყვნენ ჩართულები - ეს გულისხმობს სამოგზაურო შეზღუდვებსაც, გვინდა მმართველი პარტია “ქართული ოცნებისთვის” ნათელი იყოს, რომ მათ ქმედებებს შედეგებიც მოჰყვება", - ამბობს ჯინ შაჰინი.

სენატორმა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. "რუსული კანონი" ამ ურთიერთობებზეც აისახება.

"იცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობაა, მას შემდეგ, რაც მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გავლენას მოახდენს ამ სამხედრო ურთიერთობაზეც.

მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში და იმედი გვაქვს, ეს საქართველოს მთავრობისთვის იქნება ძლიერი მესიჯი, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება და ეს აისახება, როგორც იმ დახმარებაზე, რომელსაც ისინი აშშ-სგან იღებენ, ასევე ურთიერთობებზე, რაც ნამდვილად არ წაადგება ხელისუფლებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი მოსახლეობის უმრავლესობას ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და პოზიტიურად არიან განწყობილი აშშ-ს მიმართაც", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

BMG დაუკავშირდა NDI-ის და IRI-ის საქართველოს ოფისებს, თუმცა ორგანიზაციები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები