გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) გენერალურ ასამბლეაზე ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს და ახალ პოზიციაზე საქმიანობას ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. ინფორმაციას გამომცემლობა აქვეყნებს.
გამომცემლობის ინფორმაციით, გვანცა ჯობავა მსოფლიო ასოციაციის 128-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქართველი, მეოთხე ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. გვანცა ჯობავა 2023 წლიდან მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა, იქამდე კი, წლების განმავლობაში საქმიანობდა როგორც აღმასრულებელ ბორდში, ისე გამოცემის თავისუფლების, წიგნიერებისა და საგანმანათლებლო გამოცემების კომიტეტებში. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია იტალიელმა გამომცემელმა ჯოვანი ჰოეპლიმ დაიკავა.
გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გამომცემლები, სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 81 ქვეყნის 101 ორგანიზაციიდან, გვანცა ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო (გთავაზობთ ფრაგმენტს):
„ჩემი უძველესი ქვეყნის ისტორია სავსეა ომიანობით, თუმცა მე-12 საუკუნე იყო გამონაკლისი - „ოქროს ხანა“. სწორედ მაშინ მართავდა საქართველოს ქალი, თამარი, რომელიც იწოდებოდა მეფედ და არა დედოფლად. თამარ მეფე ჩვენში ცნობილია იმითაც, რომ სწორედ მან გააუქმა სიკვდილით დასჯა. ჩემთვის თამარ მეფე სიმბოლოა ქალი ლიდერის და სწორედ ამიტომ ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა ვისურვო, რომ ვიხილო მეტი ქალი პროფესიონალი როგორც ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელ თუ სხვა კომიტეტებში, ისე სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრიების მმართველ პოზიციებზე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის მაგალითი მივცეთ.
ახლახან ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, მიიღო კანონი ელგებეტექიუ პროპაგანდის წინააღმდეგ და ამით გარკვეულწილად ცენზურაც დააკანონა. სამიოდე წლის წინ რომ გეკითხათ, ვერავინ დამაჯერებდა, რომ ასეთი კანონი შეიძლება ჩემს ქვეყანაშიც მეხილა, თუმცა ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერება ერთბაშად არ ხდება, ის გარკვეულ ეტაპებს გადის. სწორედ ამიტომ თავდაპირველად რთულია შეიცნო ავტოკრატიის პირველი ნიშნები. ქართულმა საგამომცემლო-ლიტერატურულმა სექტორმა აირჩია საერთო მიზნისთვის გაერთიანებისა და დაუმორჩილებლობის, ბოიკოტისა და ბრძოლის გზა. მინდა სხვებსაც, ვისთვისაც უცხო არაა მსგავსი სირთულეები, მოგიწოდოთ გაერთიანდეთ და შეებრძოლოთ ყველაფერს, რაც თქვენს პროფესიულ თავისუფლებასა და კეთილსინდისიერებას ზღუდავს. ბოლო წლების პოლიტიკურმა გამოწვევებმა მთელ მსოფლიოში, ომებმა, ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერებამ დაგვანახა რამდენად ძლიერია ის იარაღი - წიგნი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ცივილიზებული სამყაროს განვითარებაზე. დაგვანახა, რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. განათლების გავრცელებითა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციით, შეგვიძლია გავაღვივოთ სიყვარული, გავაჩინოთ ემპათია, გავაძლიეროთ დემოკრატიული ღირებულებები, ვებრძოლოთ პროპაგანსა და დეზინფორმაციას.“
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათავო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს. მსოფლიო ასოციაცია სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი, რეგიონალური და სპეციალიზებული ასოციაციების უდიდესი ფედერაციაა და 81 ქვეყნის 101 ორგანიზაციას აერთიანებს აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას საკონსულტაციო თანამშრომლობა აქვს გაეროსთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, იუნსესკოსა და სხვა გლობალურ ორგანიზაციებთან და პოპულარიზაციას უწევს და იცავს მთელ მსოფლიოში გამოცემის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ასპექტს - გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ხელს უწყობს საავტორო უფლებების დაცვას, წიგნიერებისა და წიგნის კითხვის გავრცელებას.
პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი გვანცა ჯობავა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პროექტის საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელია. 2013-2022 წლებში იყო ორგანიზატორი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდების ფრანკფურტის, ლონდონისა თუ სხვა ფესტივალებზე. 2021-2022 წლებში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის ფარგლებში მისი იდეით დაფუძნდა თბილისის პირველი საბავშვო ფესტივალი, საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ნაკადული“ და ჩატარდა შავი ზღვის აუზისა და კავკასიის რეგიონის პირველი საგამომცემლო კონფერენცია. გვანცა ჯობავა იყო ინიციატორი საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისა და აკრძალული წიგნების კვირეულის აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრებისა. 2017 წელს გვანცა ჯობავა იყო ორგანიზატორი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის საქართველოში ვიზიტის. 2017-2018 წლებში კი მისივე ორგანიზებით გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მშვიდობიან აქცია-პერფორმანსი „STOP RUSSIA”. 2013 წლიდან გვანცა ჯობავა ლობირებს ქართულ საგამომცემლო სექტორს და ხელს უწყობს საავტორო უფლებებისა და გამოცემის თავისუფლების გაძლიერებას.