ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ არ გვეხება რუსული კანონი, მაგრამ კარგად ვიცით რუსული მაგალითები - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული კანონის შედეგად საფრთხეებს საქართველოს საგამომცემლო ინდუსტრიაც კარგად ხედავს.
"ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ რუსული კანონი არ გვეხება, და არ ვდგავართ იმის საშიშროების წინაშე, რომ სექტემბრიდან სადღაც უნდა დავრეგისტრირდეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით რუსული მაგალითი რუსი მწერლების, მათ შორის ქართველი წარმოშობის, მაგალითად, ბორის აკუნინის სახით, რომელიც პირდაპირ გამოაცხადეს აგენტად და მისი წიგნები მოსკოვის მაღაზიებში შავ შეფუთვაში იყო წარმოდგენილი და ეწერა - უცხოური გავლენის აგენტი. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ამ საფრთხეებს. ის, რაც დღეს არ ხდება აქ, არ ნიშნავს რომ ხვალ არ მოხდება. ამიტომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ბრძოლა და ქართული ლიტერატურა ამ ბრძოლაში ყოველთვის წინა ფლანგზე დგას. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ“, - განაცხადა გვანცა ჯობავამ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგამომცემლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სექტორია კულტურის სფეროს მიმართულებებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონში, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, მაინც ახერხებს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი.
როგორც გვანცა ჯობავა ამბობს, ეს გამომდინარეობს ინდივიდუალურად იმ კომპანიებიდან, რომლებიც წლებია საგამომცემლო სექტორში ოპერირებენ.
"შიდა პრობლემები, ისევე როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, ჩვენს ინდუსტრიაშიც არის, მაგრამ გარე მოვლენები და სახელმწიფო პოლიტიკა ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ამ რყევებში ვართ უკვე დიდი ხანია. ვცდილობთ, რომ რყევებსაც გავუძლოთ და პარალელურად, გავაგრძელოთ ბიზნესის განვითარება. თავად სექტორში საკმაოდ ჯანსაღია ურთიერთობა, ვინაიდან სახელმწიფოსგან წამოსულმა იერიშებმა საგამომცემლო ინდუსტრია უფრო გააერთიანა, ჩვენ დავდექით ერთმანეთის გვერდით. რაღაც მომენტში თითქოს ის შეგრძნება გვქონდა, რომ ერთმანეთის კონკურენტები რომ ვართ, დაგვავიწყდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ჯანსაღი გარემო ერთად უნდა შევქმნათ და პრიორიტეტი დღეს არის ის, რომ არსებულ ვითარებაში მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი ავტორებისთვის, სექტორისთვის და იმისთვის, რომ წიგნები მკითხველამდე მივიდეს", - განაცხადა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, გვანცა ჯობავას თქმით, საგამომცემლო ინდუსტრიას კარგად ესმის, რომ საზოგადოებაში წიგნიერების გაზრდა ხელს შეუწყობს პროპაგანდასთან ბრძოლას და ქვეყნის განვითარებას.
"ამიტომაც ვფიქრობთ, კონკურენციის თემები გვერდით უნდა გადავდოთ და საერთო საქმე ვაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. საგამომცემლო საქმე არ არის ტიპური ბიზნესი, მას გათავისებული აქვს, რომ ის არის კულტურის ნაწილიც და მას აქვს დიდი ძალაუფლება წიგნის, ლიტერატურის გავრცელების კუთხით, რომელსაც შეუძლია ქვეყანას მოუტანოს სასიკეთო ცვლილებები“, - განაცხადა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.