გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გვანცა ჯობავას განცხადებით, საქართველოს საგამომცემლო ინდუსტრიის მთავარი ბაზარი ევროპაა. როგორც გადაცემა “ანალიტიკაში” ჯობავამ აღნიშნა, ამ მხრივ გამოსაყოფია გერმანია, რომელსაც ქართული საგამომცემლო სექტორის განვითარებაში დიდი როლი აქვს.
„განსაკუთრებით გამოვყოფ გერმანიას, რომელზე დიდი მეგობარიც ჩვენს სექტორში, საქართველოს არ ჰყავს. გერმანიამ გვასწავლა ყველაფერი, თუ როგორ უნდა მისულიყო ჩვენი სექტორი თანამედროვე სტანდარტებამდე და რა გზით უნდა მიგვეღწია ამ ყველაფრისთვის. წლების განმავლობაში, გერმანიის მხრიდან ამ მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩაიდო. ამის დავიწყება შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის შემდეგ, როცა საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმარი იყო, წლები გავიდა, ქართული ლიტერატურის მიმართ გერმანელი გამომცემლების მხრიდან ერთგულება ფასდაუდებელია. ეს თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება“, - განაცხადა გვანცა ჯობავამ და დასძინა, რომ გერმანიის გარდა, საქართველო ბევრ სხვა ქვეყანასთანაც აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორისაა, საფრანგეთი, იტალია და სხვა.
„მაგალითად, ივნისში ბულგარეთშიც ვიყავით ფესტივალზე, იქაც გამოიცემა ქართველი ავტორები. ხოლო რაც შეეხება ინგლისურ ბაზარს, ის საკმაოდ რთული ბაზარია, თუმცა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ თავად ევროპელებისთვისაც. ამაში გასაოცარი არაფერია, ვინაიდან ძალიან დიდია ეს ბაზარი და რთულია იქ თავის დამკვიდრება. თუმცა ამ ბაზარზეც გვაქვს პერიოდულად წარმატებები. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით მუდმივად გადარჩენის რეჟიმში“, - განაცხადა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.