მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოუსანთლავი ქვევრის საწარმო „ქვევრულა“ სრულად 2023 წლიდან ამოქმედდება

636e107bf0fa3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.22 09:04
2523
ჭიათურის სოფელ მანდაეთში მიმდინარე წლის გაზაფხულიდან სატესტო რეჟიმში გამოუსანთლავი ქვევრის საწარმო „ქვევრულა“ ამოქმედდა. დღეისთვის საწარმოში 15-მდე ადამიანი მაღალი ხარისხის გამოუსანთლავი, სხვადასხვა ზომის ქვევრების გამოშვებაზე მუშაობს. მიზანი ძველი ქართული ტრადიციებით ქვევრის დამზადებაა.

როგორც BM.GE-სთან კომპანიის დირექტორი ილია გურული ამბობს, წლიურად საწარმოს 300-400 ცალი 1-ტონიანი ქვევრის გამოშვების რესურსი აქვს და წარმოებაში დღეისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ღუმელი მუშაობს.

„ქვევრულას საწარმოს აშენებაზე დაახლოებით 2 წელია ვმუშაობთ, ამ პერიოდში იყო პანდემია და პროცესები მნიშვნელოვნად შეფერხდა. ამან საწარმოს ამოქმედება გარკვეულწილად გადაავადა. ეს არის ქართული კულტურის საქმე და გვინდა საუკეთესო ქვევრების წარმოება შევძლოთ. საწარმოს მოწყობისთვის გათვალისწინებული 5 მლნ ლარიდან, დღემდე 2.5 მლნ ლარია დახარჯული და კომპანია ქვევრის წარმოების სივრცის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც დანარჩენი რესურსი მიიმართება“, - აღნიშნა ილია გურულმა.

მისი ინფორმაციით, სატესტო ეტაპზე „ქვევრულამ“ უკვე 200 და 500 ლიტრიანი ქვევრების წარმოება და გამოცდა შეძლო, რომლის მაღალი ხარისხიც დადასტურდა, დღეს კი ერთტონიანი ქვევრის წარმოებაზე მუშაობს. შესაბამისად, საწარმო სრული დატვირთვით ამუშავებას 2023 წლის გაზაფხულიდან შეძლებს. 

„ადგილობრივ ბაზარზე ქვევრზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ინდივიდუალური მეწარმეებთან ქვევრის შეძენისასაც კი მსურველებს რიგში დგომა უწევთ. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ძალიან ბევრი მეწარმე ჩვენი წარმოების სრულად ამოქმედებას ელის. გვინდა, ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვუპასუხოთ, თუმცა პირველ წელს დეფიციტის სრულად შევსება გაგვიჭირდება. წარმოების სრულად ამოქმედების შემდეგ უკეთ განვსაზღვრავთ რა მოთხოვნაა ბაზარზე და პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე ვიქნებით ორიენტირებული“, - განაცხადა „ქვევრულას“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები