გასულ წელს განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა, თუმცა ქვეყნების ნაწილისთვის ეს კვლავ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 2030 წლამდე სიმძლავრე, გაეროს კლიმატის მიზნის შესაბამისად, 3-ჯერ გაზარდოს - ამის შესახებ კლიმატის 3 ორგანიზაციის ერთობლივ კვლევაშია საუბარი.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს, დუბაიში გამართულ COP28-ის სამიტზე, 100-ზე მეტი ქვეყანა 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის გენერაციის გასამმაგებაზე შეთანხმდა. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, განახლებადი ენერგიის გლობალური ალიანსისა და COP30-ის ბრაზილიის საპრეზიდენტო ორგანიზაციის კვლევა კი ნოემბერში ჩანიშნულ გაეროს კლიმატის სამიტამდე, სწორედ ამ ქვეყნების პროგრესს ზომავს.
კვლევის თანახმად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე რეკორდული, 582 გიგავატით გაიზარდა, ზრდის ტემპმა კი 15.1% შეადგინა. 2030 წლამდე დასახული მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტემპის 16.6%-იან ნიშნულამდე გაზრდა და შენარჩუნება იქნება საჭირო. კერძოდ, 2024 წლისთვის განახლებადი ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ ჯამურად 4 443 გიგავატი შეადგინა, სამიზნე მაჩვენებელი კი 11 174 გიგავატია.
გამოწვევების მიუხედავად, როგორც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი Reuters-თან აცხადებს, მიზანი კვლავ რეალისტურია. მისი თქმით, 2025 წლისთვის დადგმული სიმძლავრე უკვე გაიზარდა 700-750 გიგავატამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის ტემპი ჩქარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიაში პირველად, განახლებადი ენერგიის წყაროებით უფრო მეტი ელექტროენერგია დაგენერირდა, ვიდრე ქვანახშირის წვით.
კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიზნის მისაღწევად, მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ პოლიტიკა, რომელიც განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის ზრდას უწყობს ხელს, ზრდის დასაქმებულთა კვალიფიკაციას და აუმჯობესებს საჭირო ინფრასტრუქტურას.




























