საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახალ დირექტორთან საქართველოში ჯონ პენელთან. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა გულითადი მადლობა გადაუხადა ჯონ პენელს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
"ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით – ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად USAID-ის მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და სახელმძღვანელოების ხარისხისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება – მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო სამინისტროს ახალი პროექტი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასწავლო რესურსების შექმნას ითვალისწინებს.
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი იქნება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.