„თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე, გიორგი დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ "თიბისისთვის" განათლების სექტორი სტრატეგიული სექტორია.
როგორც ის BMG-ისთან ინტერვიუში ამბობს, ბანკის პორტფელი განათლების მიმართულებით მუდმივად იზრდება და ამ დროისთვის "თიბისის" მიერ განათლების სექტორში 164 მილიონი ლარია გაცემული.
"განათლების მიმართულებით ჩვენი პორტფელი ყოველწლიურად იზრდება. ამ დროისთვის ჩვენ განათლების სექტორში გაცემული გვაქვს 164 მლნ ლარი.
რაც შეეხება ზოგადად ტენდენციებს განათლების სექტორში, ვაკვირდებით, რომ სტუდენტების მოთხოვნა ტექნოლოგიურ მიმართულებებზე ძალიან მზარდია. მეორე - უცხოური სტუდენტების შემოდინების საკითხი - ამ მხრივაც დიდი ზრდაა. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ კიდევ უფრო მოძლიერდა უცხოური სტუდენტების შემოდინება, ისინი ზრდიან მოთხოვნას კამპუსებზეც" - ამბობს გიორგი დარჩიაშვილი.
"თიბისისთვის" განათლების ინდუსტრიის მნიშვნელობაზე საუბრობს TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილეც. გოგა თხელიძე ამბობს, რომ "თიბისი" მომდევნო წლების განმავლობაში განათლების ინდუსტრიაში კიდევ მეტ ინვესტიციებს განახორციელებს. საგანმანათლებლო პროექტებს შორის, რომელიც "თიბისიმ" განახორციელა თხელიძე უფროსკლასელებისთვის ტექნოლოგიურ პროექტს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც 1200 მოსწავლე სპეციალიზდება ტექნოლოგიურ პროფესიებში.
"ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - ტექნოლოგიური პროექტია უფროსკლასელებისთვის, როდესაც ჩვენ შევარჩიეთ 600-600 ახალგაზრდა. წლის ბოლომდე გადამზადებული 1200 მოსწავლე გვეყოლება, რომლებიც სპეციალიზდება პროგრამირებაში, დეველოპერული მიმართულებით და სხვა მომავლის პროფესიებში" - განმარტავს გოგა თხელიძე.