მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლებისა და მეცნიერების სექტორის EU-სთან თავსებადობით, ჩვენმა სისტემამ უკეთესი მზაობის დონე აჩვენა ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ - წულაძე

სს
11.06.24 20:46
470

ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ წარმოადგინა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ათი წლის განმავლობაში, განათლების სფეროში, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ევროკომისიის შეფასებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სექტორის ევროკავშირთან თავსებადობის თვალსაზრისით, ჩვენმა სისტემამ გაცილებით უკეთესი მზაობის დონე აჩვენა ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზნის გათვალისწინებით“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ. მომხსენებელმა ზოგადი განათლების მიმართულებით ევროკავშირთან

თანამშრომლობაზე და ამ კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის მომზადება და სამუშაო ბაზარზე არსებულ საჭიროებებზე მორგება.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად უახლოვდება ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას. მისი თქმით, დღეს საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები, შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან.

მომხსენებელმა მიმოიხილა უმაღლესი განათლების კუთხით არსებული პროგრამები და დეპუტატებს პროექტებით მოსარგებლე ახალგაზრდებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
სამინისტროს წარმომადგენელმა აგრეთვე ისაუბრა მეცნიერების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და განხორციელებულ პროექტებზეც. მისი თქმით, საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციური სფეროს საზოგადოებას 2016 წლიდან დღემდე წვდომა აქვს მრავალფეროვან საგრანტო კონკურსებზე. ალექსანდრე წულაძის განმარტებით, საქართველოს წარმომადგენლები ზუსტად იმავე პირობებით და უფლებებით სარგებლობენ, რითაც ევროკავშირის სამეცნიერო და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლები.

„ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კარი გახსნილია. მნიშვნელოვანია მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელიც უკვე აქვთ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები