მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განიხილება სხვადასხვა სექტორის, მათ შორის თხილის განვითარების ხელშემწყობი ახალი ინსტრუმენტების შემუშავება - სამინისტრო

თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა დოლიძის განცხადებით, განიხილება სასოფლო-სამეურნეო სხვადასხვა სექტორის (მათ შორის თხილის) განვითარების ხელშემწყობი ახალი ინსტრუმენტების შემუშავება, არსებული გამოწვევებისა და დარგის მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით. ამის შესახებ აღნიშნულია დეპუტატ გელა აბულაძის მიერ თხილის სუბსიდირების პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის პასუხში.

საქმე ისაა, რომ 2026 წლიდან თხილის სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, უქმდება.

დეპუტატ გელა აბულაძეს აინტერესებდა, რა მიზეზით იქნა გამოწვეული ზემოაღნიშნული პროგრამის გაუქმება, რა ღონისძიებები გაატარა სამინისტრომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციები, თუ არსებობს წინა წლების ანგარიში ამ პროგრამის ეფექტიანობის დასტურად და თუ ჩატარდა რაიმე ტიპის მონიტორინგი მეწარმეებთან შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად.

პასუხად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დეპუტატს აცნობა, რომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდა განსაზღვრული ვადით და ამ ეტაპზე მისი გაგრძელება არ არის დაგეგმილი, რაც მათივე განმარტებით, განპირობებულია მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების დიზაინის სრული განახლებით, რომლის მიზანია მხარდამჭერი მექანიზმების უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და დარგზე მორგებული ფორმით ჩამოყალიბება.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუხედავად, იმისა რომ "მიმდინარე ეტაპზე თხილის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროგრამით განსაზღვრული ამოცანები შესრულებულია, მაინც რჩება რიგი გამოწვევები, როგორიცაა: თხილის უეცარი ხმობა; თხილის პათოგენები, მათ შორის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები; მცირე და საშუალო ფერმერთა ცნობიერების ამაღლება; თხილის საშრობების ინფრასტრუქტურის სიმცირე; მცირე მექანიზაცია, ახალი ტექნოლოგიების სიმცირე და თხილის მავნებლები, მათ შორის აზიური ფაროსანა".

ცნობისთვის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023-2025 წლებში სუბსიდია გაიცემოდა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრებოდა შემდეგი პირობებით: თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამა მხოლოდ ერთწლიანი იყო, მაგრამ 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. კერძოდ, „თხილის სუბსიდირების პროგრამის“ ბიუჯეტი 2023 წელს 21.5 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - ₾22.7 მლნ, ხოლო 2025 წელს კი - 23 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები