ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის 20,000-25,000 მოქალაქე შემოვიდა. ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ რაოდენობრივად რუსეთის მოქალაქეთა ეს რაოდენობა 2020 წლის პერიოდის მსგავსია.
ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად დროის რა მონაკვეთში შემოდა საქართველოში 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე. მისი თქმით, ამ საკითხზე უფრო დეტალურად განმარტებას შსს მინისტრი გააკეთებს
„2010 წელს მოხდა შეზღუდვების შემსუბუქების დაწყება. ეს მოხდა საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, როცა საქართველომ განიცადა პირადად აგრესია, საქართველოს განიცადა ოკუპაცია. მე მესმის, რომ სურვილი იყო არა ის, რომ აგრესიისთვის დაგვეჭირა მხარი და აგრესორები შემოგვეყვანა, რისი რისკი მაშინაც ძალიან დიდი იყო, დღესაც მომატებულია ეს რისკები. ადამიანები პირიქით, ვისაც არ უნდა რეჟიმთან ერთად ცხოვრება და ადამიანს, ვისაც შეიძლება ჩვენ ვაჩვენოთ დემოკრატიული ქვეყანა და ვაჩვენოთ ჩვენი გახსნილობა ამ კუთხით, ეს იყო მოტივაცია, როცა სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა. ჩვენ იგივე აზრზე ვართ, რომ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება საქართველოში მოსვლის, თუმცა მათ, ვისაც არ აქვს პრობლემები კანონმდებლობასთან, რომლებიც არ არიან სანქცირებულები და ჩვენი ქვეყნისთვის რისკს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ტურიზმის ალიანსის განცხადებას, სადაც ინდუსტრია რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე „ასოციაციასთან ისაუბრებს“.
„ასოციაციის განცხადება მესმის რისკებთან დაკავშირებით, ამაზე მათთან ვისაუბრებთ, თუმცა ალბათ კომუნიკაციის ნაკლებობაა. რადგან რეჟიმს რაც შეეხება, შსს იგივენაირად ატარებს ყველანაირ ფილტრს და აკეთებს კონტროლს, როგორც აქამდე. ანუ, ამოცანის მიღწევას, რაც შეიძლება მიგვეღო ვიზების დაწესებით, ისედაც ვაღწევთ“, - ამბობს დავითაშვილი.




























