პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი იმ თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გამჭვირვალობაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკული თუ ევროპული დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ. ამის შესახებ მან BMG-ის ფერმერთა სათათბიროში შემავალი 19 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების კომენტირებისას უთხრა, რომლითაც დარგობრივი ასოციაციები შეშფოთებას გამოთქვამენ „რუსული კანონის“ ინიციირების გამო და პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაუშვან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება. გელა სამხარაული მოუწოდებს, დარგობრივ ასოციაციებს, დაესწრონ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყება.
"ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის ნამდვილი მიზანი დაფინანსების გამჭვირვალობის და ხარჯვის მიზნობრიობის უზრუნველყოფა თუ არის, რატომ სჭირდება ფინანსურ გამჭვირვალობას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია? - ეს ის კითხვაა, რაზედაც გელა სამხარაულს, ისევე როგორც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
- ბატონო გელა, აპირებთ მხარი დაუჭიროთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებული არიან და მათი რეკომენდაციაა, პარლამენტმა ის უკან გაიწვიოს. ამასთან, გვახსოვს შარშან, ამ „რუსული კანონის“ მიღების პირველი მცდელობა, როდესაც საზოგადოების მასობრივი პროტესტის გამო, მმართველი ძალა იძულებული გახდა, უკან გაეწვია ....
- საკომიტეტო განხილვები დაიწყება და იქ უამრავი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჯერ ერთი იგივე <კანონპროექტი> არ არის, სათაური სხვა არის. ამდენად, მობრძანდნენ <დარგობრივი ასოციაციები> და დაესწრონ, მერძევეებს, ფერმერებს გამჭვირვალობა ხელს უშლის?!
- ბატონო გელა, გაეცანით 19 დარგობრივი ასოციაციის განცხადებას? ისინი შეშფოთებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ საფრთხე შეექმნება არსებულ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოფლად მცხოვრები ადამიანების, მათ შორის ფერმერების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ...
- გასაგებია, მაგრამ ყველაფრის პოლიტიზირება არ შეიძლება...
- ფერმერი ან მერძევე რატომ უნდა იყოს პოლიტიზირებული?
- კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა...
- გასაგებია, მაგრამ კანონპროექტი საჯაროა და ყველა კითხულობს, ხომ?
- რა წერია მერე მანდ ასეთი - ფინანსური დეკლარაცია შეავსონ მედიასაშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა...
- და ასევე ისიც წერია, რომ თუ მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, ის უნდა დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად...
- მასე არ იქნება...
- თქვენ არ წაგიკითხავთ კანონპროექტი?
- როგორ არ წამიკითხავს...
- თუ წაიკითხეთ, ეს ვერ ამოიკითხეთ?
- კომიტეტის განხილვების დროს უამრავი კითხვა დაისმება და თუ ვინმეს რამე აწუხებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა, რათა არავინ იგრძნოს უხერხულად თავი და არავის ხელი არ შეეშალოს თავის საქმიანობაში. ამ კანონის მიზანი არ არის, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს თავის საქმიანობაში. პირიქით, მიზანია გამჭვირვალობა, რათა ქართველმა ხალხმა და ასევე, დამფინანსებლებმაც იცოდნენ, რას ხმარდება მათი გრანტები და რა კეთილი საქმეები კეთდება...
- ამ მიზნისთვის რატომ არის აუციელებელი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია?
- იცით, მე რომც არ მდომოდა ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა და ისეთ კლიშეებს ადებენ გამჭვირვალობას, დავეჭვდი, მართლა რაღაც ხომ არ ხდება, თორემ წარმოიდგინეთ, ეს ფული ძირითადად, ამერიკელი და ევროპელი ხალხის ფულია და ხმარდება ქართველ ხალხს. ამ დროს ვიღაცები გამოდიან, ხარჯავენ ხალხისთვის გამოყოფილ ფულს და თან ამბობენ, მე არ მინდა გაგაგებინო, ვინ მაძლევს ამ ფულს და რაში ვხარჯავო... ამის მერე უფრო ვეჭვდები, რაშია საქმე?! მე პირიქით მგონია, რომ საამაყოც უნდა იყოს იმის დეკლარირება, რა კეთილი საქმეებისთვის იხარჯება დონორების თანხები. მეც ხომ ვავსებ ქონებრივ დეკლარაციას?? რა ხდება?! რასთან გაქვს საქმე? მაშინ მე ვიკითხავ - ვინმე არაკეთილსინდისიერად მუშაობს და ამიტომ არ უნდა გამჭვირვალობა?
- რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულებაზე? აქ საუბარია სტატუსზე - მათ თავისი ნებით უნდა დაირქვან უცხოური ძალის გავლენების გამტარებელი ორგანიზაცია...
- ჰოდა, მაგაზე ვისაუბროთ - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია კი არ იყვნენ... დავსვათ ეს საკითხი, რაც გვაწუხებს და გამოვასწოროთ... რა ვიცი, მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ თუ ვინმე შეურაცხყოფილად რაიმეს იღებს, უნდა მივხედოთ ამას და კონსენსუსამდე მივიდეთ.
- ანუ უცხოური ძალის გავლენების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყის მიკვრა თქვენც გაფიქრებთ ბატონო გელა და გგონიათ, რომ არ არის მთლად სასიამოვნო?
- უამრავი კანონი მინახავს, როცა კომიტეტების სხდომაზე, გარკვეული არგუმენტების და პოლემიკის შედეგად რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივსულვართ; დაველოდოთ. იწყება განხილვები ჯერ პრინციპების დონეზე, შემდეგ მეორე მოსმენაზე მუხლობრივი განხილვა იქნება და შესაძლებელია, გარკვეული შეთანხმება შედგეს.
- იარლიყის მიკვრა მოგწონთ თუ არა?
- იარლიყს მე ვერ ვხედავ და თუ არის, მინდა, მოვისმინო და შესაბამისად, წინადადებას შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ეს კანონი უნდა ემსახურებოდეს გამჭვირვალობას, რათა ქართველმა ხალხმაც იცოდეს მეგობარი ქვეყნები რამდენით ეხმარებიან და რა საქმე კეთდება მათი ფინანსური რესურსით...
- "პარტნიორ ქვეყანას, რომელიც გეხმარება, უწოდო "უცხოური ძალა" მინიმუმ არამეგობრულად არ ჟღერს?“ - სოციალურ ქსელში დაწერა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა...
- გავიგე, მაგრამ აქ მხოლოდ მეგობარ ქვეყნებზე ხომ არაა საუბარი?! რამდენი არამეგობარი ქვეყნის ინტერესია საქართველოში და რამდენი არამეგობარი ცდილობს თავისი გავლენები იქონიოს?’
- რამდენი? მე, პირველ რიგში, რუსეთი გამახსენდა...
- მარტო რუსეთი არაა... სხვებიც არიან.
- მაშინ ეს ხომ არ უნდა დაკონკრეტდეს? მტერს მტერი ვუწოდოთ, მოყვარეს - მოყვარე...
- როგორ - ქვეყნები ჩამოვთვალოთ? ეს კანონი იმისთვის ხომ არაა, რომ მტრის და მოყვრის გარჩევა დავიწყოთ?!
- რამდენადაც ვიცი, კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთის ქვედა პალატაში განიხილება, არის მსგავსი ჩამკეტი მტრულად განწყობილი ქვეყნების მითითებით...
- არ განიხილება... საფრანგეთს თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გვაქვს. ეს მტრის და მოყვრის კანონი არაა. ვინც მოყვარეა, იმას მადლობა უნდა გადავუხადოთ.
- მაგალითად, ფერმერთა ასოციაციის საქმიანობას და მიზნებს ხომ ვიცნობთ კარგად?! ის რატომ უნდა იყოს ვალდებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს?!
- შეიძლება ფორმულირებას არასწორად მეუბნებით...
- კანონპროექტის მე-2 მუხლში წერია, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა....
- ვიმსჯელოთ.
- ანუ თქვენც არ მოგწონთ ამ იარლიყის ყველასთვის მიკვრა?
- ვიმსჯელოთ კომიტეტის სხდომაზე ან ცუდი რა არის, ან კარგი რა არის.