მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განმუხურში 348-ნომრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, ინვესტიცია $20 მილიონს აჭარბებს

ლაზიკა რეზიდენსი

სამეგრელოში, სოფელ განმუხურში 348-ნომრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება, 2027 წლიდან კი, სასტუმრო კომპლექსი ოპერირებას, სავარაუდოდ, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „წერტილში“ „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსის მმართველი „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი" იქნება.

მაიკო მურაჩაშვილის ინფორმაციითვე, განმუხურში მშენებარე კომპლექსში განხორციელებული ინვესტიცია უკვე $20 მილიონს აჭარბებს, ინვესტორი კომპანია კი - შპს „ლაზიკა რეზიდენსია“.

„ძალიან მიხარია, რომ ეს არის ქართული ინვესტიცია... მოახლოვდა ის დრო, როდესაც ანაკლიის პორტი თავისი დიდებულებით გაიხსნება... პროექტი სტრატეგიულად უკავშირდება პორტის მშენებლობას. კომპლექსი გათვლილია მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც პორტის პროექტში იქნებიან ჩართულნი და მაღალი კლასის საცხოვრებელი და სამუშაო გარემო დასჭირდებათ“, - აღნიშნა ჰოტელიერმა და იქვე დასძინა, რომ სასტუმროში იგეგმება 500-1000 კვ/მ ფართობის საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეების მოწყობა, რაც რეგიონში საქმიანი შეხვედრების კერას შექმნის.

„რეგიონში ამ მასშტაბის და ამ კლასის კონკურენტი კომპლექსი ამჟამად არ არსებობს... ასეთი მასშტაბის ობიექტის გამოჩენა, როგორც წესი, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და ხელს უწყობს გარშემო მცირე ბიზნესების განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, - ამბობს მაიკო მურაჩაშვილი.

„წერტილის“ წამყვანის რეპლიკაზე - „ვინაიდან ანაკლია ამჟამად არ გამოირჩევა მაღალი ტურისტული აქტივობით, რამდენად რისკიანია რეგიონში ასეთი მასშტაბური ინვესტიციის ჩადება“, „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელმა ანაკლიის უპირატესობებს გაუსვა ხაზი.

„პროექტის უპირატესობა, პირველ რიგში, მისი მასშტაბური საწოლფონდია, რაც დიდი რაოდენობით სტუმრის მიღების საშუალებას იძლევა. კომპლექსი მდებარეობს ზღვის პირველ ზოლში და მომხმარებელს სთავაზობს იმას, რაც ბათუმში დეფიციტურია - სიმშვიდესა და წყნარ გარემოს. მაღალი კლასის სერვისთან ერთად, აქცენტი კეთდება ხანგრძლივ დამსვენებლებსა და ბიზნესსექტორზე. სწორედ ამიტომ, 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაეთმობა საკონფერენციო დარბაზებსა და საგამოფენო სივრცეებს“, - განაცხადა მაიკო მურაჩაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განმუხურში, მაღალი კლასის სასტუმროს ბრენდის შემოყვანა, ტერიტორიის განვითარებას დააჩქარებს და მსოფლიო დონის სასაზღვრო კურორტის შექმნას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები