გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამბობს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "საშინაო დავალება" შეასრულეს.
მან ამის შესახებ კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტია.
"დღეს განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მათ შეასრულეს საშინაო დავალება. უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელს.
მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები",- ამბობს მარტა კოსი.




























