კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი აცხადებს, რომ საპენსიოს მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნამ, ნდობა საპენსიო ფონდის მიმართ არ გაზარდა. „საქმიან დილაში“ სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრების პროფესიონალიზმის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი არა მათი პროფესიული გამოცდილება, არამედ მათი დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერებაა.
ვინ არის საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს 8 წევრი?
მარინა გულედანი აცხადებს, რომ ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა - რა არის საჭირო საპენსიო აქტივების დაცულობისთვის.
„კანონი ძალიან მკაფიოდ აყალიბებს ნდობითი ვალდებულების უპირატესობას და მმართველობითი საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას მონაწილის ინტერესები. მონაწილის ინტერესების დაცვა შეუძლებელია, თუ მმართველობითი საბჭოს წევრები არ არიან დამოუკიდებლები და კეთილსინდისიერები. ამიტომ ამ ეტაპზე იმის განხილვა რამდენად შესაფერისი პროფესიული ბეგრაუნდი აქვთ ამ ადამიანებს, აზრი არ აქვს.
გასაგებია, რომ უმეტესობას კარგი, გამართული რეზიუმე აქვს და მათ წარსულში სათანადო გამოცდილება იკვეთება, რომელიც საბჭოს წევრობისთვის რელევანტურია. მაგრამ მთავარი პრობლემაა პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოხდა შერჩევა, სენტიმენტები და კავშირები საქართველოსთან.
ამ წევრებიდან 2 მმართველობითი საბჭოს წევრი აქამდეც იყო და ჩემთვის, მათი ჩანაცვლება, რომ არ მოხდა წითელი დროშაა ანუ კარგი არ არის. იმიტომ რომ მათგან ერთ-ერთს საქართველოში ბიზნეს ინტერესები აქვს...“ - აღნიშნავს მარინა გულედანი და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრების დანიშვნით კანონი არ ირღვევა, დღეს ქვეყანაში ისეთი სისწრაფით მიიღება და იცვლება კანონმდებლობა, რომ კანონების დარღვევა კი არა, მათი ცვლილება უფრო პრობლემატურია.
„ამით კანონი არ ირღვევა, მაგრამ დღეს როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ათეულობით კანონი მიიღება და მათზე ხელი ღამით ეწერება სულაც არ არის აუცილებელი ამ საბჭომ რამე დაარღვიოს, მით უმეტეს როდესაც მასში უცხოელი წევრები, რომლებიც უფრთხილდებიან თავის კომენტარებს.
რისკი, რომ ისინი სასესხო ინსტრუმენტებს შეიძენენ საბჭოს გადაწყვეტილებით თუ საინვესტიციო პროცესში, ამ პროცესში გამოვრიცხავ, რომ ვინმემ კანონი დაარღვიოს, მაგრამ ძალიან მარტივია რომ კანონი შეცვალო... მაგრამ თვითონ პოლიტიკა, პრინციპები და ნორმები, რომელიც კანონიდან მომდინარეობს მანიპულირების და საპენსიო აქტივების ისე მიმართვის საშუალებას იძლევა, რომ მონაწილის საპენსიო აქტივები კი არ იყოს დაცული, არამედ სხვა მოტივაცია და მიზანი“, - აღნიშნავს ის.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ კითხვის ნიშნებს ბადებს პროცესი, რადგან საბჭო ერთპარტიულად შეირჩა და კითხვები ჩნდება წევრების მიმართ, რომლებმაც ასეთი პოლიტიკური კრიზისის პერიოდში საბჭოს წევრობა გადაწყვიტეს. მარინა გულედანი დარწმუნებულია, რომ საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭო დამოუკიდებლად ვერ შეირჩეოდა.
„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს. ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერება და პიროვნების ღირებულებებია. ადამიანი, რომელიც დღეს ამ პოლიტიკურ გარემოში მზად არის საპენსიო მმართველობითი საბჭოს წევრი გახდეს, ჩემთვის უკვე კითხვის ნიშანს ბადებს. იმიტომ რომ ამ არეულობაში, იმ ფონზე, როდესაც ამდენი უკანონობის აპელირება ხდება, იმ ფონზე რომ არჩევნები ასე ჩატარდა, იმ ფონზე როდესაც ამ წევრების შერჩევა ერთპარტიულად მოხდა. წინა რაუნდზე ფორმალურად მაინც დაცული იყო და შესარჩევ კომისიაში ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ და ოპტიკურად უფრო დამოუკიდებლად გამოიყურებოდა, თუმცა არც ის იყო დამოუკიდებელი. მაგრამ შერჩევის ოპტიკურად გამართულად ჩატარების საჭიროება ყოველთვის არსებობდა. ამ შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელშია. მე გამოვრიცხავ, რომ რომელიმე წევრი, რომელიც ახლაა შერჩეული დაკავშირებული არ არის ან არ იქნება ლოიალური „ქართული ოცნების“ და ეროვნული ბანკის მიმართ.
ქვეყანაში, სადაც მიხეილ ყაველაშვილია პრეზიდენტი, ვერავინ დამარწმუნებს, რომ საპენსიოს მმართველობით საბჭოში ადამიანების შერჩევა მიუკერძოებლად მოხდა და ყველა დამოუკიდებელია და აუცილებლად, მხოლოდ მონაწილეთა ინტერესებს დააკმაყოფილებს - ეს გამორიცხულია. ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ.
ერთადერთი წევრი, რომელიც საერთოდ არანაირ კითხვის ნიშანს არ ბადებს, ექსოფიციო თანამდებობრივი წევრი გიორგი გურგენიძე, რომელიც არაჩვეულებრივი სპეციალისტია და მის მხრებზე დგას არაერთი რეფორმა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით განხორციელდა და ყველა ეს რეფორმა დონორული დაფინანსებით არის შესრულებულია.
ხაზგასმით მინდა პარალელი გავავლო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევაზე. როდესაც საბჭოში შემოგყავს ადამიანები, რომლებიც შენი დაქირავებულები იყვნენ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია იქ მინიმუმ ფსიქოლოგიურად ელოდო, რომ ეს ადამიანები წინააღმდეგობას გაგიწევენ და იქნებიან დამოუკიდებლები, რაც უნდა ძლიერი რეზიუმე ჰქონდეთ და ოქსფორდში და კემბრიჯში იყვნენ ნასწავლები.
განზე გადავდოთ პროფესიონალიზმი აქ მთავარია დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება, სანდოობა.
რა თქმა უნდა, ამ საბჭომ [საპენსიო ფონდის მიმართ] ჩემი სანდოობა არ გაზარდა“, - განაცხადა მარინა გულედანმა.