აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესეს რუსულ კრიპტოვალუტის ბირჟა Garantex-ს და მის ხელმძღვანელებს. სააგენტოების ერთობლივი განცხადებით, ბირჟას, სავარაუდოდ, კიბერდამნაშავეები იყენებდნენ ფულის გათეთრებისთვის.
მათივე ცნობით, Garantex-მა 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე მინიმუმ 96 მილიარდი დოლარის კრიპტოტრანზაქციები დაამუშავა.
შეზღუდვები შეეხო რამდენიმე რუსულ კრიპტოკომპანიას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და კავშირში არიან Garantex-თან. მათ შორისაა Exved, რომელიც მეწარმე სერგეი მენდელეევთანაა დაკავშირებული და Garantex-ის თანადამფუძნებლად არის მიჩნეული.
მედია წერს, რომ ასევე დასანქცირდა Grinex, რომელიც რუსეთსა და ყირგიზეთშია რეგისტრირებული და მონაწილეობს სანქციების გვერდის ავლით განხორციელებულ ტრანზაქციებში, მათ შორის Tron-ის ქსელის კრიპტოსაფულეების გამოყენებით. ასევე INDEFI, რომელიც რუსულ კრიპტოფინანსურ სტრუქტურად არის განსაზღვრული და ასევე მენდელეევთან არის დაკავშირებული.
აშშ-ის ხელისუფლება გამოაცხადა 6 მილიონი დოლარის ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს სანქციების ქვეშ მყოფი პირები დააკავონ.




























