მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარანტიების გარეშე მოთხოვნა, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა - პაპუაშვილი

646c84cee22c2
BM.GE
23.05.23 13:17
511
მაშინ როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენით ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ არიან. მისივე თქმით, აშშ კვლავ შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებით, იმ ფონზე, როცა დასავლური სამყარო რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რამე სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით რომელიმე სანქციას ვარღვევთ.

„მნიშვნელოვანია, ფაქტებს დავაკვირდეთ. რუსეთთან პირდაპირი ფრენების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან არანაირ აღდგენაზე საუბარი არ არის. საქართველოს თავად არასოდეს შეუწყვეტია რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მათთან ომი გვქონდა, არც მაშინდელი ხელისუფლება და არც შემდგომი ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს არანაირ ბარიერს არ უქმნიდა. 2019 წელს რუსეთმა ფრენები თავად დაკეტა და აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში დარჩა, რასაც მანამდე ატარებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რაიმე კონკრეტული სტრუქტურა არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ან რომელიმე სანქციას ვარღვევთ ან გვერდს ვუვლით ამ სანქციებს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუ ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ.

ჩვენ არა თუ ახლა, არამედ წელიწადზე მეტია განვაცხადეთ, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ, ერთი მხრივ, გვერდს არ ვუვლით საერთაშორისო სანქციებს. ამ კუთხით საქართველო სრულიად კეთილსინდისიერია. მეორე, ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხიც ეთანხმება და შარშან ქართული ოპოზიციაც დაეთანხმა. ცის ჩაკეტვა, ვიზაზე წესების გამკაცრება და ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას, ხოლო სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ეს წარმოქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება იმისა, რა იქნება შემდეგი. მაშინ როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები