გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ფორუმის გამართვას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება მათ შორის ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი არასოდეს აღარ დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთ მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.