მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვის სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს ხვალ გაასაჯაროებს

სტიქია რაჭაში

„სპეციალისტებს საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის დრო სჭირდებათ“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შოვის სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს.

მანამდე კი ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გარემოს ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს. მისი თქმით, ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო, ნამდვილად გარდაცვლილის ოჯახებს, უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები გახლავთ - გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები და რა თქმა უნდა, ნაწილი ჯგუფისა ადგილზე ვიმყოფებით და ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან ხეობიდან მოდის. ვამუშავებთ, მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხეობაში განვითარდა, იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როცა ასეთი მაღალია ემოციური ფონი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

დღეს, დილით ჩვენი სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეფრინდნენ ხეობაში, ძალიან დეტალურად მოხდა ხეობის სრულად დათვალიერება. ხვალ გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა მოხდა, ეს პროცესები ხეობაში ძალიან სწრაფად განვითარდა, რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ.

მინდა ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, როცა ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, მონაცემებს დავეყრდნოთ და არ გავავრცელოთ ისეთი ინფორმაციები, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და ამ მძიმე ემოციურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

კითხვაზე - შეიძლებოდა თუ არა სტიქიის მოვლენის პროგნოზირება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბური ხასიათის სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები