მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს დირექტორს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

64bfd28354bf6
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.23 18:10
484
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. მთავრობამ Rothschild & Co-სთან 2021 წელს 4-მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმა” უნდა მომზადდეს.

“შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Conduct-ის თანადამფუძნებლები სტეფან ლინიგერი და ტილლა ქავენგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა რეფორმა უნდა მომზადდეს?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზ-ი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.

მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში უნდა განთავსებულიყო, თუმცა პროექტის შესახებ 2022 წლის დასაწყისის შემდეგ მთავრობას განმარტება არ გაუკეთებია, უცნობია, კვლავ განიხილება პროექტის აღნიშნული კონფიგურაციით განვითარება, თუ არა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები