მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა - 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

Rothschild

2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება აქტივების მმართველ კომპანია "Rothschild & Co”-სთან, რომლის მიზანიც "საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის" სტრატეგიის მომზადებაა.

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გადის, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებული სტრატეგია არ ჩანს. პროექტის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა 2022 წლის 17 იანვარს, მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა ახალი ტიპის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელწოდებით, “სპეციალური ფინანსური ზონა”, სადაც საერთაშორისო კომპანიების ოფისები განთავსდებოდა. მაშინ ითქვა, რომ თბილისის ზღვასთან, ასევე გონიოში 110 ჰექტარზე შეიქმნებოდა სპეციალური ფინანსური ზონები, სადაც საერთაშორისო კომპანიები საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ გააკეთებდნენ მრავალმილიონიან ინვესტიციებს და დაასაქმებდნენ პირებს. თუმცა, ამ ერთი საჯარო განცხადების მიღმა დეტალები არ თქმულა.

“გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან. 110 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსდება სავარაუდოდ, ეს ცენტრი. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს ეს ტერიტორია. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა, დისტანციური დასაქმების ეპოქაში, თბილისის ზღვასთან ან გონიოში მდებარე ოფისები რით დააინტერესებს ინვესტორებს, რათა აქ უშუალოდ ოფისებში სამუშაოდ აიყვანონ პირები უცნობია.

ასევე არ არის ცნობილი რა სახით იყო ამ პროექტის შემუშავებაში ჩართული Rothschild & Co, თუ ეს თავად მთავრობის ადმინისტრაციის იდეას წარმოადგენდა.

2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის მომზადების საკონსულტაციო სამუშაოებზე 3,755,904 ლარი დაიხარjა. 2023 წლის ბიუჯეტით კი ამ აქტითვის 5,903,658 ლარი არის გამოყოფილი, ხოლო წლის პირველ ნახევარში ათვისება 1,907,890 ლარს შეადგენდა.

მთავრობის ადმინისტრაცია პერიოდულად ავრცელებს პრესრელიზებს ირაკლი ღარიბაშვილისა და Rothschild & Co-ს მმართველი პარტნიორებთან, მათ შორის მალარდ დე როტჩილდთან შეხვედრების თაობაზე. ბოლოს ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის 25 ივლისს გავრცელდა. მასში ეწერა:

“შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.”

BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავს კითხვით, თუ როდის უნდა გახდეს აღნიშნული სტრატეგია ცნობილი.

სტრატეგიით თუ სტრატეგიის გარეშე, საქართველოდან აუთსორს სერვისების მიწოდების ბრუნვა მაღალი ტემპებით იზრდება, რაც პირველ რიგში მიგრაციის ეფექტით არის განპირობებული. მათ შორის პირველ ადგილზეა IT სექტორის ბრუნვა. 2021 წელს IT სფეროს საგარეო შემოსავალი $153 მილიონი დოლარი იყო, რაც 2022-ში $512 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს სავარაუდოდ 700-800 მილიონი დოლარის ნიშნულამდე ავა. 

Rothschild & Co-ს აქტივების მართვის პორტფელში 78 მილიარდი ევროს აქტივები შედის, კომპანიის შემოსავალმა 2022 წელს 3 მილიარდი ევრო შეადგინა. ჯგუფში 4,200 ადამიანი არის დასაქმებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები