ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
"უკვე გავაკეთე კომენტარი საქართველოს არჩევნების შედეგზე და ასევე ჩვენს სურვილზე, რომ ის დარჩეს ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების შესაბამისად. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე ამის გაკეთებისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან უკვე გავაკეთე. ცხადია, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება გარკვეული წუხილით", - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციებია მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" პრემიერმა უარი თქვა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. მანამდე იყო საპარლამენტო არჩევნები, რომელში გამარჯვება უნგრეთის გარდა "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის არცერთმა წევრმა ქვეყანამ არ მოულოცა, მეტიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ და აშშ-მა დაასანქცირა.