“გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილია საქართველოში მშვიდობის და განვითარების გარანტი”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძე სუს-ის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ ივანიშვილი მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ იცის ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.
“ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია, თქვენ ნახეთ, რომ მსოფლიოში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში, მეორე - აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური.
თქვენ გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის. ტყვიებს ისვრიან კილერები.
ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. გასაკვირი არც ისაა, რომ ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია. ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ლიდერების ლიკვიდაციის მომზადების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე პირველად 23 ივლისს მამუკა მდინარაძემ გააკეთა. უწყების მიერ ოფიციალური განცხადება კი დღეს გამოქვეყნდა.