მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წლებში ევროკავშირმა META ჯამურად $2.8 მილიარდით დააჯარიმა

meta eu

მილიარდერ მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მტერი და კონკურენტი ჰყავს, თუმცა მისი მთავარი მოძულე ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც გასულ წლებში Meta-ს ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს ჯამურად 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმები დააკისრა.

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელ კომპანიას ხან მომხმარებლების პირადი მონაცემების არასწორად გამოყენების გამო აჯარიმებდნენ და ხანაც ანტიმონოპოლიური საქმიანობის გამო.

ჯარიმების უმეტესობა ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ახალ მონოპოლისტურ წოდებას, ე.წ. Gatekeeper-ს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ Apple-ს, Amazon-ს, Google-ს, Meta-ს, Microsoft-სა და TikTok-ს მიენიჭათ.

კანონმდებლების განმარტებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი კომპანიებისათვის სპეციალური რეგულაციები უნდა დაუწესდეთ, რადგან მათი ზომისა და გავლენის გათვალისწინებით, ჩვეულებრივი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა მათ გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მათთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას.

მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ გიგანტებს უდიდესი გავლენა აქვთ ელექტრონული მოწყობილობების წარმოების, ძებნის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ამიტომაც მათი გავლენა სცდება კონკრეტული სექტორის ფარგლებს.

უახლოეს მომავალში ევროკავშირი ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ეკოსისტემის გახსნას და კონკურენტების შესყიდვის სტრატეგიის შეზღუდვას აიძულებს.

საერთო ჯამში, ვხედავთ აშკარა ტენდენციას, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბაზარზე ტექნოლოგიური გიგანტების ოპერირება გართულებულია და ამას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ გასულ წელს Meta ზედიზედ 3-ჯერ დააჯარიმეს.

ამ სადამსჯელო ზომების მიუხედავად, ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული კომპანია აღმასვლას მაინც ისევ ჯიუტად განაგრძობს. Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 965 მილიარდ დოლარს შეადგენს და, სავარაუდოდ, წელს ის ტრილიონიანი შეფასების მქონე კომპანიების ექსკლუზიურ კლუბსაც შეუერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები