მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს რუსეთიდან გაზის იმპორტი 15%-მდე გაიზარდა - მიზეზები

629a4b992cfc7
ალა ისპირიანი
04.06.22 00:33
1081
ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოსთვის აზერბაიჯანის მიერ მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მოკლევადიან პერსპექტივაში მინიმალურია, რადგან აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს გაზმომარაგებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორში მკვეთრად იზრდება ბუნებრივი გაზისა მოხმარება, რის გამოც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი კვლავ აზერბაიჯანი რჩება, მკვლევარი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი "საქმის კურსში" განმარტავს, თუ რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდა.

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციულ სექტორში მოხმარება გაზრდილია, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება გაზიფიცირების შედეგადაც ყოველწლიურად იზრდება.

მეორე მთავარი მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გაზსადენების გამტარუნარიანობა შეზღუდულია და ზამთრის პერიოდში, როდესაც [გაზის] მოხმარება მაქსიმუმს აღწევს, ეს მხოლოდ აზერბაიჯანიდან ვერ კმაყოფილდება და საჭიროა რუსეთიდან [გაზის] იმპორტი. სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე (SCP) არსებული ტექნიკური შეზღუდვის გამო, დღიურად საქართველოს გარკვეულ მოცულობაზე (5.4 მლნ მ3/დღ) მეტი გაზის მიღება არ შეუძლია. ჩრდილოეთ სამხრეთის მაგისტრალური სატრანზიტო გაზსადენი, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთს აკავშირებს და ბოლო წლების განმავლობაში სწორედ აქედან ხდება დამატებითი გაზის შემოტანა", - განაცხადა გიორგი მუხიგულიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოსთვის რუსეთიდან გაზის იმპორტის 15%-მდე ზრდის საფრთხეებს, მკვლევარი ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია ბაზრის დივერსიფიკაცია.

"ამ ეტაპზე ეს 15%-იანი დამოკიდებულება კრიტიკული ზღვარი არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება მოუწევს ქვეყანას, რათა გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინოს. გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები რომ გადაიდგას მნიშვნელოვანია: გაზსაცავის მშენებლობა, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობა, ე.წ. "სვაპ" მექანიზმების გამოყენება გაზის ბაზარზე და ა.შ", - ამბობს იგი.

ამასთან, მისი თქმით, რუსული კომპანიები და რუსეთში მაცხოვრებელი ადამიანები საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობენ, თუმცა მუხიგულიშვილი ამ მხრივ საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან მისი მოსაზრებით, ენერგეტიკული სექტორი მკაცრად რეგულირებულია.

ინფორმაციისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. რუსეთთან კავშირები შემოიფარგლა „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“, რომელიც საქართველოს გავლით, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები