ბიზნესმენ რესან ქიქავას თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების" ხელისუფლების 12 წლის განმავლობაში აქვს, ობიექტური შეფასებით, მაღალი არაა.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომამდე, სანამ საქართველოს ეკონომიკა აქედან მომდინარე ბუსტს მიიღებდა, მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა ბალტიის ქვეყნების ზრდას, რომელთა ცხოვრების დონესაც 20 წლით ჩამორჩება.
"ხშირად მაქვს არგუმენტირებული კამათი, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან და საუბარია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ამ გუნდმა აჩვენა ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არავის დამსახურებას არ ვაკნინებ და გუნდშიც ბევრი პროფესიონალია, ვინც თავის საქმე გააკეთა, მაგრამ შევაფასოთ ეს ზრდა ობიექტურად. [რუსეთ-უკრაინის ომამდე] ეს იყო 5%-მდე ზრდა, იგივე მაჩვენებელი ჰქონდა, მაგალითისთვის სომხეთს, ოდნავ ნაკლები - ბალტიის ქვეყნებს.
ბალტიის ქვეყნებს ჩვენ ჩამოვრჩებით სადღაც 20 წლით, ზუსტად იგივე ტემპით რომ გავაგრძელოთ ცხოვრება. ჩვენთან არ მომხდარა არც ერთი ეკონომიკური გარღვევა, არ მახსენდება პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნებოდა ასეთი. ჩვენ მივყვებოდით დინებას, გვქონდა პატარ-პატარა წარმატებები, გამოვიცვალეთ ბევრი მინისტრთა კაბინეტი და ყველას თავისი დამსახურებები ჰქონდა, მაგრამ არ ყოფილა მნიშვნელოვანი არაფერი და ეს აისახა იმ ციფრებში, რომელიც გვქონდა რუსეთ-უკრაინის ომამდე. ომის შემდეგ გასაგებია, რა ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი ეკონომიკის დაბუსტვა, ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" დამსახურება, როგორც თვითონ ამბობენ, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, უბრალოდ, მხოლოდ ამით აპელირება და თან საუბარი, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთო, ვთვლი, რომ ასე არ იყო", - ამბობს რესან ქიქავა.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკისა და ეკონომიკური სისტემის პირობებშიც შესაძლებელი იყო, საქართველოს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა, თუმცა ქვეყანას ამის ამბიცია არ ჰქონდა და შედეგიც შესაბამისად მოკრძალებული დადგა.
"ვთვლი, რომ იმ პირობებში და მოცემულობაში, რაც საქართველოსი გვაქვს, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იყო შესაძლებელი. ამის ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ იმ სისტემებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა ან გადმოიბარა, ან საკადრო პოლიტიკად გამომდინარე, რომელიც მათ აწარმოვეს ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით ისეთ პოზიციას, რომ ვართ სოციალური სახელმწიფო, რომელიც მიყვება პოლიტიკას, რომ მთავარია მეტ-ნაკლებად ნორმალურად მივდიოდეთ, დიდად არ ვიყოთ კონცენტრირებული განსაკუთრებულ შედეგებზე და არ ვიმუშაოთ არც იმაზე, რომ დამოუკიდებელი ინსტანციები ჩამოვაყალიბოთ, არ გვქონდა ასეთი ამბიციები. ასეთი მიდგომა იყო და შედეგიც შესაბამისი დაიდო. და ეს შედეგი არის მოკრძალებული, ასე უნდა დაერქვას. ეკონომიკური თვალსაზრისით გვქონდა საკმაოდ მოკრძალებული შედეგი. რა თქმა უნდა, ქვეყანა ზოგადად წინ მიდის და 12 წლის განმავლობაში მშვიდობაც დამსახურებაა და ვინც ეკონომიკის მოკრძალებულ ზრდაში წვლილი შეიტანა, ეს არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ", - განაცხადა რესან ქიქავამ.