კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
2023 წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობა 1 563 165 იყო.
საქსტატი ასევე გვთავაზობს მონაცემებს, თუ რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული მსუბუქი ავტომობილის მოდელები.
10 ყველაზე გავრცელებული ავტომობილი საქართველოში
2023 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, მსუბუქი ავტომობილების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
TOYOTA PRIUS – 45 622 ერთეული;
OPEL ASTRA – 37 124 ერთეული;
FORD TRANSIT – 29 152 ერთეული;
VAZ 21063 – 23 101 ერთეული;
HONDA FIT – 22 860 ერთეული;
MERCEDES-BENZ C 180 – 18 465 ერთეული;
OPEL VECTRA - 17 166 ერთეული;
TOYOTA CAMRY – 16 413 ერთეული;
VAZ 2106 – 15 562 ერთეული;
TOYOTA RAV 4 – 15 071 ერთეული.
BYD-ის აქციები ამ თვეში 1%-ით გაიზარდა
ელექტრომანქანების უმსხვილესი მწარმოებელი BYD Co. მზარდი მოგებით, სწრაფად უახლოვდება Tesla Inc.-ს. ჰონკონგში ბაზირებული ჩინური ელექტრომობილების ფირმის აქციები ამ თვეში დაახლოებით 1%-ით გაიზარდა, რამაც Tesla-ს 17%-იან ვარდნას აჯობა - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს. ამასთან, BYD-მა ბოლო კვარტალში რეკორდულად 822,094 მანქანა გაყიდა, მათ შორის ჰიბრიდებიც, რაც ბაზარზე კომპანიის ლიდერობის გამყარებას დაეხმარა, როგორც ჩინეთის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ბრენდს.
ინფორმაციისთვის: BYD თავისი ძვირად ღირებული ავტომობილების - Yangwang U8 და Fang Cheng Bao BAO 5-ის მიწოდებას, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში დაიწყებს.
ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ 23.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად პროგნოზირებული $24.06 მილიარდისა. გარდა ამისა, კომპანიას იმედგამაცრუებელი შედეგები ჰქონდა მოგების მიმართულებითაც. კერძოდ, წმინდა მოგებამ 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად $2.56 მილიარდისა.
რას ნიშნავს BP-ის მიერ TESLA-სგან $100 მილიონის ელექტროდამტენების შეძენა?
ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, BP-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის კომპანია Tesla-სგან 100 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროდამტენებსა და სწრაფ „სუპერჩარჯერებს“ ყიდულობს.
Tesla-ს ტექნოლოგიის დახმარებით, BP-ის სადგურებში დამონტაჟებული დამტენები ელექტრომობილების 80%-ით დამუხტვას დაახლოებით 20 წუთში შეძლებენ, რაც სტანდარტულ დამტენებთან შედარებით თითქმის სამჯერ უფრო სწრაფი მაჩვენებელია. BP-ის, იგივე British Petroleum-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 105 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ძირითადად ნავთობისა და გაზის რეალიზაციითაა დაკავებული. მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელები კარგად აცნობიერებენ, რომ 2030 წლიდან დასავლური სამყარო ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე თითქმის სრულად გადაერთვება, რაც საწვავზე მოთხოვნას შეამცირებს, თუმცა ელექტროდამტენებზე მოთხოვნას გაზრდის.
Tesla-სგან დამტენების შესყიდვით BP-ის სწორედ ამ ტენდენციით სარგებლობა სურს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 21,000 სადგური აქვს, სადაც მას დამტენების განთავსება და ელექტრომობილებისთვის სპეციალური ზონის გამოყოფა შეუძლია.
Skoda-მ ახალი თაობის "Superb" წარადგინა
გასულ კვირაში ახალი თაობის Skoda Superb-ის პრემიერა შედგა. მეოთხე თაობის მოდელი სრულად განახლდა, შეიცვალა ექსტერიერი და ინტერიერი, ტექნოლოგიური კუთხით ის მაქსიმალურად დაახლოებულია Volkswagen Passat-თან. გარდა ამისა, Superb-ის წარმოება ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადავიდა - ამიერიდან მოდელი იმავე ქარხანაში აეწყობა, სადაც Passat-ის საწარმოო ხაზია. ევროპაში ახალი პროდუქტის გაყიდვები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. Skoda აღნიშნავს, რომ Superb-ის ექსტერიერის ყველა დეტალი ახალია, ამასთან საქარე მინის უფრო დიდი ზომა მის აეროდინამიკას აუმჯობესებს.
Audi მის საკულტო როდსტერს "TT"-ს ემშვიდობება
Audi TT-ს შეზღუდული მოდელების გამოშვებით ემშვიდობება. TT-ს რომ პენსიაზე გაუშვებდნენ, თანაც მემკვიდრის გარეშე, გერმანულმა ბრენდმა ამის შესახებ 2023 წლის თებერვალში განაცხადა. მას შემდეგ Audi-მ "როდსტერის" გამოსამშვიდობებელი რამდენიმე მოდელი გამოუშვა შეზღუდული რაოდენობით სხვადასხვა ბაზრისთვის. ახლა ჩრდილოეთ ამერიკის ჯერია. ამ ბაზრისთვის ელეგანტური TT Roadster Final Edition შეიქმნა, ისტორიული მწვანე ელფერით და 50 ეგზემპლარით, რაც მოდელს განსაკუთრებით სასურველს გახდის კოლექციონერებისთვის.